
ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, “ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწესებული მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუსჯელობის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშში საქართველოს შესახებ.
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს ივანიშვილის აქტივები და ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან.
„პირების, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, ასევე „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანიებისა და მედიასაშუალებების თანამონაწილე მფლობელების წინააღმდეგ დაწესებული მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუსჯელობის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება;
ევროპარლამენტი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში, წევრი სახელმწიფოების მზარდი რაოდენობა აწესებს ინდივიდუალურ სავიზო აკრძალვებსა და სხვა სანქციებს ქართველი თანამდებობის პირების წინააღმდეგ; მოუწოდებს სხვა წევრ სახელმწიფოებსაც მიჰყვნენ ამ მაგალითს;
იმეორებს მტკიცე მოწოდებას ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ, დაუყოვნებლივ დააწესონ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ და მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს მისი აქტივები და ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან;
გმობს პოლიტიკური რეპრესიების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების შევიწროებისა და ოპოზიციური ფიგურების დევნისთვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირებისა და ინსტიტუტების სისტემურ დაუსჯელობას”, - ნათქვამია ანგარიშში.
აქვე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის რეაგირება დღემდე არაადეკვატური და დაგვიანებულია საქართველოში ავტორიტარული კონსოლიდაციის დაჩქარების გათვალისწინებით;
„ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს, სასწრაფოდ მიიღონ ევროკავშირის მასშტაბით კოორდინირებული შემზღუდავი ზომები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, თანამდებობის პირისა და ხელშემწყობი პირის წინააღმდეგ, მათ შორის სანქციების სიების გაფართოება, აქტივების ყოვლისმომცველი გაყინვა და სავიზო აკრძალვა, რომლებიც მიმართული იქნება სახელმწიფოს მიტაცებაზე, რეპრესიებსა და რეჟიმის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ; მოუწოდებს უნგრეთის ახალ მთავრობას, მოხსნას მისი წინამორბედის მიერ დაწესებული ბლოკადა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ევროკავშირის მასშტაბით მიზნობრივი სანქციების დაწესებაზე; მოუწოდებს საბჭოს, შეისწავლოს კოლექტიური მექანიზმები იმ შემთხვევისთვის, როდესაც ერთსულოვნება შეუძლებელია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირის ეფექტური და ერთიანი რეაგირება“, - აღნიშნულია ანგარიშში.