
„დღეს ევროკავშირმა და უკრაინამ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს ე.წ. „საფუძვლების" კლასტერის შესახებ მოლაპარაკებების გახსნით. ეს კლასტერი მოიცავს იმ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ეს მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობას, რომელიც ეხება კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებს, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას, საჯარო მმართველობის რეფორმასა და ეკონომიკურ კრიტერიუმებს", - აცხადებს ევროკავშირის საბჭო.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, კვიპროსის ევროპის საკითხთა მინისტრის მოადგილემ, მარილენა რაუნამ განაცხადა, რომ „უკრაინისა და მისი მოქალაქეების მომავალი მტკიცედ არის დაკავშირებული ევროკავშირთან".
„დღევანდელი გაწევრიანების სამთავრობათშორისო კონფერენცია ხაზს უსვამს უკრაინის მტკიცე ერთგულებას ევროპული ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნავს უპრეცედენტო გამოწვევების მიუხედავად მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ეს უკრაინელი ხალხის გამძლეობის დასტურია", - აღნიშნა კვიპროსის ევროპის საკითხთა მინისტრის მოადგილემ.
უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირმა ლუქსემბურგში გამართულ მეორე სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე უკრაინასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.