რეზონანსი
13.06.2026

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მისი პარტია კატეგორიულად მოითხოვს ყველა იმ პასუხისმგებელი პირის უმკაცრესად დასჯას, რომელიც მონაწილეობდა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებში, სადაც „ფაქტობრივად, ჩანს, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომლები სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, რეალურად აწამებენ საქართველოს მოქალაქეებს, ახალგაზრდა პირებს“. როგორც ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, დღეს, 19.00 საათზე, ყველა უნდა შეუერთდეს მსვლელობას.

„მივმართავ მოქალაქეებს, რომლებსაც ხშირად აქვთ უნდობლობა იმ მოცემულობის მიმართ, რომელსაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე - კი, საქართველოში ძალოვანი უწყებები ივანიშვილის პირობებში იქცა რეპრესიის, ძალადობის, დევნის და უკანონობის სისტემურ სივრცედ! უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შვილებს, თქვენს შვილებს აჩერებენ ქუჩაში, სცემენ, აწამებენ და უსწორდებიან მიყრუებულ სამშენებლო ადგილებზე, როგორც ეს ვნახეთ გორში, ჩაკეტილ საპოლიციო უწყებებში, პოლიციის შენობებში, მაგრამ ეს ყველაფერი ცხადი და საჯარო ხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე ახერხებს ამ ყველაფრის გადაღებას და გასაჯაროებას.

არსებობს, სავარაუდოდ, ათასობით სხვა შემთხვევა, რომლის დროსაც ვერ შეძლეს საქართველოს მოქალაქეებმა მტკიცებულების მოპოვება. ცხადია, რომ საქართველოში რეპრესიული სისტემა ივანიშვილის პირობებში ყოველდღიურად ხდება უფრო და უფრო ძალადობრივი. უნდა დაისაჯოს ყველა პირი, მათ შორის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც არიან თანამონაწილეები ამ დანაშაულის, რადგან პირველი: მათ საპოლიციო სისტემაში შექმნეს დაუსჯელობის განცდა და მეორე: შეუძლებელია ვინმემ დაარწმუნოს საქართველოს მოქალაქე ან ჩვენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება არის ერთჯერადი. ეს ხდება ყველგან, ყოველდღიურად და უამრავ ისტორიას, რომელიც ვრცელდება საჯაროდ, სოციალურ ქსელში თუ ტელევიზიით, სამწუხაროდ, არ ახლავს მსგავსი მტკიცებულებები და საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს. სინამდვილეში, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც შექმნა ივანიშვილმა, მისმა დაუსჯელობამ თბილისში, ქობულეთში, ქუთაისში, გორში, სამტრედიაში, რასაც მოჰყვა თვითმკვლელობის კასკადები. არ უნდა დაგვავიწყდეს დემურ სტურუა, თემურ აბზიანიძე, სხვები და სხვები, ვინც შეეწირნენ ამ ძალადობრივ სისტემას.

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე და დაისაჯოს! მივმართავთ საზოგადოებას, რომ დღეს თქვენი შვილები უნდა დაიცვათ თქვენ სამოქალაქო პროტესტით. დღეს, 19:00 საათზე ყველანი უნდა შეუერთდეთ მსვლელობას, რომელიც აპროტესტებს იმ ძალადობას, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების და სისტემის პირობებში არსებობს ჩვენ გარშემო“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მისი თქმით, ფაქტი, რომელიც გავრცელებულ კადრებშია ასახული, 2022 წელს მოხდა და „4 წლის განმავლობაში სისტემაში იყვნენ ჩარჩენილები ის პოლიციელები, სარგებლობდნენ სახელმწიფოს მანდატით და სავარაუდოდ კიდევ მრავალგზის იძალადეს საქართველოს მოქალაქეებზე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×