რეზონანსი
12.06.2026

„საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციამ“ ჯარიმების შემცირების მიზნით, საკანონმდებლო წინადადება მოამზადა და პარლამენტს უკვე წარუდგინა. ასოციაცია მიიჩნევს, რომ 2026 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედებული რიგი ჯარიმები ცალკეულ შემთხვევებში არ შეესაბამება სამართალდარღვევის სიმძიმეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებები იგეგმება. მისი თქმით, ცვლილებები შეეხება საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის წესებსაც. თუმცა, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი თუ კონკრეტულად რა ტიპის დარღვევებზე გეგმავს „ქართული ოცნება“ ფულადი სანქციების შემცირებას.

„ასოციაცია სრულად იზიარებს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირებისა და საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებს. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციული სანქციების ეფექტიანობა განისაზღვრება არა მხოლოდ მათი სიმკაცრით, არამედ სამართლიანობით, პროპორციულობითა და პრევენციული ფუნქციის ეფექტიანობით“, - აღნიშნულია „ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის“ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაში.

დოკუმენტის თანახმად, ასოციაცია გამოდის ინიციატივით, რომ რიგ დარღვევებზე ჯარიმები 40-75%-ით შემცირდეს. უფრო კონკრეტულად, ასოციაციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს: 15-40 კმ/სთ-ით დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 100 ლარიდან 60 ლარამდე შემცირებას; სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური ტელეფონით სარგებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 50 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის, თუ ქმედებას არ მოჰყოლია საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რეალური საფრთხის წარმოშობა, ჯარიმის 100 ლარიდან 50 ლარამდე შემცირებას, ხოლო მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 20-ის ნაცვლად 10 ქულით შემცირებას; ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 50 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას, ხოლო მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების შემცირებას 10-ს ნაცვლად 5 ქულით; ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში ან საქართველოს რომელიმე კურორტზე დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 50 ლარიდან 20 ლარამდე შემცირებას;

ამკრძალავი საგზაო ნიშნის - „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ - მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 200 ლარიდან 50 ლარამდე შემცირებას. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სანქციის 100 ლარის ოდენობით განსაზღვრას და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შესაძლებლობის შენარჩუნებას. BUS LANE-ზე მოძრაობისთვის გათვალისწინებული დამატებითი სანქციის - მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების შემცირებას 15-ის ნაცვლად 5 ქულით, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში 30-ის ნაცვლად 10 ქულის დაკლებას;

თბილისში N2 და N3 კატეგორიის სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის, როდესაც გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის, გათვალისწინებული 500-ლარიანი ჯარიმის 250 ლარამდე შემცირებას.

გარდა ამისა, ასოციაცია გამოდის ინიციატივით, რომ რიგი ადმინისტრაციული დარღვევებისთვის გაფრთხილების მექანიზმი დაინერგოს. კერძოდ, მათ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაში, განსაზღვრულია დარღვევები, რაზეც პირველ ეტაპზე პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილება უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში უკვე ფულადი სანქცია უნდა დაწესდეს. 

აღსანიშნავია, ისიც რომ ასოციაციის განმარტებით, მათ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაში მაღალი რისკის მქონე დარღვევებზე (დრიფტი, ტროტუარზე მოძრაობა, BUS LANE-ის საპირისპირო მიმართულებით გამოყენება, ავარიული ვითარების შექმნა და სხვ.) მოქმედი მკაცრი სანქციები უცვლელი რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×