რეზონანსი
11.06.2026

კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს, ბელადი იქით „თუხთუხებს“, აქეთ ახალი სახეები, „ტოპ ტვინები“ მოჰყავთ - სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, უბრალოდ, ზოგჯერ ვხალისობთ ხოლმე, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანი ახალი სახე არაა და იქ პოლიტიკაში ჩართული აქამდეც იყო.

„მე პირადად მივესალმები. სულ ამ რევოლუციებს იძახიან და რევოლუცია მოაწყონ საკუთარ პარტიაში რამდენჯერაც უნდათ. მოიყვანონ ახალი „ტოპ ტვინები“. ქალბატონი ნანუკა ჰყავთ ამჯერად მოწვეული. ნათქვამია, ფერი ფერსაო და ზუსტად ერთი ერთში არიან. საკუთარ პარტიაში, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ატარონ რევოლუციები და ამ ქვეყანას და ხალხს თავი დაანებონ. მივესალმებით, ძალიან კარგი, მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. ბელადი იქით თუხთუხებს, აქეთ ახალი სახეები, „ტოპ ტვინები“ მოჰყავთ. მე თუ მკითხავთ მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს. მიდის ბრძოლა. „ჩერგო“ რამის დამთმობია?! გამორიცხულია! ის ბელადი რამის დამთმობია?! ახალ ვარცხნილობასთან ერთად სიახლე, რევოლუციური გადაწყვეტილება შემოიტანა - ნანუკა შემოჰყავს პოლიტიკაში. აქამდე არ იყო ნანუკა?! იყო, მაგრამ ახლა მორიგი სიგიჟე უნდა. თავიანთ ამომრჩევლებს აგიჟებენ, ახალი სისხლიო. ვინ არის ახალი?! ქალი დღე და ღამე მმართველი პარტიის ლანძღვაშია და „ნაცმოძრაობის“ გვერდით, მიშას პლაკატებით დარბის. ახალი კადრია?! არა! ერთმანეთს ატყუებენ. თან უნდათ პირველობა აიღონ იმ ე.წ. ალიანსში და არის აჯაფსანდალი.

ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. პირადად მე მივესალმები. სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს. უბრალოდ, ზოგჯერ ვხალისობთ ხოლმე“, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალური რეფორმებისა და პარტიის განახლების მიზნით ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის შეერთება დააანონსა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს ენმ-ის „სახალხო ორგანიზაციად“ გარდაქმნის აუცილებლობას, რომელიც, მისი თქმით, უნდა იყოს არა ვიწრო-ელიტარული დაჯგუფება, არამედ ყველა მოქალაქის გაერთიანება. სააკაშვილის განმარტებით, ლიდერების პატიმრობის პირობებში პარტიას ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება სჭირდება, რისთვისაც ნანუკა ჟორჟოლიანს მისი სრული მანდატი და ნდობა აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×