რეზონანსი
10.06.2026

3 წლის განმავლობაში, 45 პროცენტით გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, პირდაპირი რეისები ჩინეთის მიმართულებით, პროგრესირებადი ეკონომიკური კავშირი, 3-ჯერ გაზრდილი ექსპორტი, საქართველოს მთავარი სტუმრის სტატუსი ჩინურ უმსხვილეს ფორუმებსა და ექსპოზიციებზე, ტრანსკასპიური სატრანზიტო მარშრუტის განვითარება - პრემიერ-მინისტრმა, დღეს, საზოგადოებას ქართულ-ჩინური სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად 3 წლის განმავლობაში მიღებული ეკონომიკური ბენეფიტები კიდევ ერთხელ შეახსენა. ამ ფონზე, პარტნიორობის ღრმა და ყოვლისმომცველ ეტაპზე გადასვლა, ირაკლი კობახიძის თქმით, ორ ქვეყანას ეკონომიკური თანამშრომლობის სრულიად ახალ პერსპექტივას გაუხსნის, რაც საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფნის როლს, კიდევ უფრო გაზრდის.

თანასწორი და თანაბარუფლებიანი პარტნიორობა - ასეთია, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ჩინეთთან სტრატეგიული კავშირების დამყარება პოლიტიკური კუთხით. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მსოფლიოს ერთ-ერთი სუპერსახელმწიფო ღიად მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და, მასშტაბებში დიდი განსხვავების მიუხედავად, ეპყრობა, როგორც ნამდვილ მეგობარს. პრემიერმა დღეს ჩინეთთან საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც 3-წლიან პერიოდში ორმხრივი გაცვლითი პროგრამების უპრეცედენტო ზრდითაც გამოიხატა.

თანამშრომლობა ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და IT ინჟინერიის სფეროში - საგანმანათლებლო პროგრამების კუთხით, ქართულ-ჩინური ურთიერთობების პრიორიტეტია. განათლების მინისტრი, ყოვლისმომცველი პარტნიორობის ფარგლებში, სამეცნიერო გაცვლითი პროგრამების რაოდენობის ზრდას აანონსებს.

მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკასთან ყოვლისმომცველი პარტნიორობის ხელშეკრულება საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის - ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტულ სტატისტიკაზე საუბრობენ, რომელიც 3-წლიან სტრატეგიულ კავშირს უკვე მოჰყვა. უწყებაში ამბობენ, რომ ქვეყნის ტურისტული, საინვესტიციო თუ ეკონომიკური პოტენციალის ზრდასთან ერთად, ჩინური ბაზრების ათვისება ქართული ბიზნესისთვის სრულიად ახალ პერსპექტივას აჩენს.

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ციფრებში გამოხატული პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლის მიუხედავად, ოპოზიცია ხელისუფლებას თანამშრომლობის უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლის გამო აკრიტიკებს. მთავრობის ოპონენტების ნაწილმა დღეს ისიც კი თქვა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფოსთან პოლიტიკური თანამშრომლობა ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

ოპონენტების მხრიდან დაუსაბუთებელ კრიტიკასა და მანიპულაციაზე აკეთებენ აქცენტს საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, ოპოზიცია საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დაუფარავად უპირისპირდება. ჩინეთთან სტრატეგიულმა თანამშრომლობამ კი, რეალურად, საქართველოს ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ასპარეზზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭა.

საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 34 წლის წინ დამყარდა. 2023 წელს ქვეყნებმა ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს მოაწერეს, 2026 წლის 9 ივნისიდან კი საქართველო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადადის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×