
გუშინ ირანს ძლიერად დავარტყით და დღესაც ძლიერად დავარტყამთ, ამას იმ შემთხვევისთვის გეუბნებით, თუ გამოგრჩებათ ან ტელევიზორს არ ჩართავთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, ვერტმფრენის ინციდენტის შემდეგ აშშ-ს ამის სრული უფლება აქვს.
„მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ. ვერტმფრენის ინციდენტის შემდეგ ვფიქრობ, ამის სრული უფლება გვაქვს. მათ ჩამოაგდეს მართლაც გამორჩეული, შესანიშნავი საფრენი აპარატი. თავიდან ამბობდნენ, რომ ეს არ გაუკეთებიათ, შემდეგ კი აღიარეს, რომ სწორედ მათ ჩამოაგდეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ ირანთან უკვე რამდენიმე თვეა, მუშაობს.
„მათ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწერონ. ეს კარგი შეთანხმებაა. ის მათ ბირთვული იარაღის ფლობის უფლებას არ აძლევს, სინამდვილეში, სრულიად უკრძალავს ბირთვული იარაღის ოდესმე ქონის უფლებას“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, რომ არა ის, შესაძლოა, ბირთვული ომიც კი დაწყებულიყო.
„ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდა, არც ისრაელი იარსებებდა და არც ახლო აღმოსავლეთი. ისინი ჩვენ აუცილებლად გვესროდნენ. ვნახოთ, რა მოხდება. გუშინ მათ ძლიერად დავარტყით და დღესაც ძლიერად დავარტყამთ. ამას იმ შემთხვევისთვის გეუბნებით, თუ გამოგრჩებათ ან ტელევიზორს არ ჩართავთ. ვნახოთ, რა მოხდება შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენ მასთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ ისინი კვლავ დროს აჭიანურებენ“, – განაცხადა ტრამპმა.