
პირველი, რასაც გავაკეთებ, ოჯახსა და მონატრებულ ადამიანებს ჩავეხუტები, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულმა ბექა ქელეხსაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ქელეხსაშვილმა ასევე დასძინა, რომ ბრალს ეთანხმება და პატიმრობაში დარჩენილ პირებს წარმატება უსურვა.
„მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო დარჩენილებს, მალე გათავისუფლებას ვუსურვებ მათ, უფალი იყოს მათი მფარველი.
რთული იყო ჩემთვის [პატიმრობა], მაგრამ თავისუფლების ფასი ყველა სირთულეზე დიდია, თავისუფლება არის ყველაზე დიდი რამ.
...ბრალს ვეთანხმები.
პირველი, რასაც გავაკეთებ, ოჯახსა და მონატრებულ ადამიანებს ჩავეხუტები“, - განაცხადა მან.
კითხვაზე, აპირებს თუ არა საპროტესტო აქციებზე დაბრუნებას, თუ საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევად არ ჩაეთვლება, ქელეხსაშვილმა უპასუხა, რომ ჯერ არ იცის და ამაზე იფიქრებს.