
იცით, რომ ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს აკრიტიკებენ სხვადასხვა ნაბიჯისა და ქმედებისთვის, იგივე ეხება ჩინეთის შემთხვევასაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, თავად აშშ-ის პრეზიდენტი საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე და ამ დროს, მისი პარტიის წევრები საქართველოს აკრიტიკებენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
„თავად ამერიკის პრეზიდენტი არა მარტო აქტიურად საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, არამედ მას ჰქონდა პირადი ვიზიტი ჩინეთის დედაქალაქში, შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინ პინს, ისაუბრა ამერიკისთვის ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე. ეს არის მოცემულობა და, წარმოიდგინეთ, ასეთ დროს მისი პარტიის წევრები აკრიტიკებენ საქართველოს იმისათვის, რომ ვაღრმავებთ ურთიერთობებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. მარტივი ორმაგი სტანდარტია და მგონი, ამას მაინცდამაინც ღრმა შეფასება არ სჭირდება. იგივე ეხება ევროკავშირს, ევროკავშირის წარმომადგენლებიც ხშირად საუბრობენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე და ასეთ დროს, ისინი პერიოდულად გამოდიან ხოლმე და ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის გვაკრიტიკებენ“, - აღნიშნა პრემიერმა.