
კომპანია "ბიპი" ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ოპერირებას აზერბაიჯანსა და საქართველოს გადასცემს. ინფორმაცია კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ნავთობის წარმოებისა და ოპერაციების საკითხებში, გორდონ ბირელმა დაადასტურა. მან ასევე აღნიშნა, რომ ცვლილება არ გულისხმობს კომპანიის ამ აქტივიდან გამოსვლას. მისი თქმით, ეს არის "ბიპის" საკონტრაქტო ვალდებულების შესრულება, რომელიც 10 წლის წინ კონტრაქტის ხელმოწერის დროს დაწესდა.
„ამ ვალდებულებების შესრულებით, ჩვენ მილსადენს მის მფლობელებს ვუბრუნებთ. ეს ჩვენი სურვილი არ არის, ეს ჩვენი სახელშეკრულებო ვალდებულებაა“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს, გორდონ ბირელის განმარტებით, "ბიპი" ამ ნავთობსადენის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით სხვა ვალდებულება და სხვა კონტრაქტი აქვს.
„ბაქო-სუფსას კონტრაქტი ცალკეა. მისი ვალდებულებაა კონტრაქტი გადასცეს თითოეული ქვეყნის მთავრობას, მის მფლობელს და თავად მთავრობა განსაზღვრავს ოპერატორს.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენთან დაკავშირებით არსებობს შეთანხმება, რომ აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ოპერატორი "სოკარს" გადაეცემა. ესეც შეთანხმებას ეფუძნება და ივლისის დასაწყისში მოხდება“, - დასძინა მან.
ის რომ, "ბიპი" ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირებას ადგილობრივ მთავრობებს გადასცემდა, ინფორმაცია თავდაპირველად გასული წლის მიწურულს გავრცელდა. მაშინ ითქვა, რომ კომპანია ოპერირების გადაცემაზე მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებდა. იმავე პერიოდში საუბარი იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მართვის გადაცემაზეც.