
4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ეპიზოდზე, სადაც დაკავებული 12 პირიდან 7-ს საპროცესო შეთანხმება უფორმდება, კიდევ ერთი ბრალდებული - ვახტანგ ფიცხელაური დაემატა. საერთო ჯამში, აღნიშნულ ეპიზოდზე საპროცესო შეთანხმება 8 დაკავებულს გაუფორმდება. დაკავებულებმა - ალექსანდრე ხაბეიშვილმა, ბექა ქელეხსაშვილმა, გიორგი მუმლაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გურიელ ქარდავამ, ავთანდილ სურმანიძემ, ვახტანგ ფიცხელაურმა და თემურ ქურციკიძემ ბრალი აღიარეს და პროკურატურის მტკიცებულებები უდაოდ ცნეს.
ბრალდებულებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას სამწლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან. საპროცესო შეთანხმება არ უფორმდებათ - აბო ნავერიანს, ანტონ უპერს (ძებნაშია), ნანა სანდერს და მარიამ მეყანწიშვილს. ისინი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ, შესაბამისად, მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და მის განხილვას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განაგრძობს.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ალექსანდრე ხაბეიშვილს, გიორგი მულაძეს, ავთანდილ სურმანიძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვახტანგ ფიცხელაურს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.