რეზონანსი
08.06.2026

უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს ის ყოველწლიური შეხვედრები სამ სტრატეგიულ პარტნიორს შორის, - განუცხადა „დღის ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა თურქეთში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ის ქვეყნებია, რომელთა პარტნიორობაც დიდწილად განსაზღვრავს კავკასიასა და რეგიონში არსებული მოცემულობის სტაბილურ, გათვლად, პროგნოზირებად განვითარებას.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ ამ ფორმატის და ამ ფორმატის მიღმა ფარგლებში, რომ ურთიერთდაკავშირებადობის, ეკონომიკური, უსაფრთხოების, კულტურული და სხვა განხრით ურთიერთობების ჭრილში გვქონდეს საუკეთესო ურთიერთობა იმისთვის, რომ სამივე ქვეყნის განვითარება იყოს მაქსიმალურად გამოყენებული სამივე ქვეყნის და რეგიონის საკეთილდღეოდ.

ცოტა ხნის წინ იყო მოცემულობა, როდესაც იყო პრაქტიკულად საომარი ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. რჩება პოლიტიკური გამოწვევები თურქეთთან მიმართებით, ამიტომ სამომავლო ჭრილში შესაძლებელია ამ ქვეყნის ჩართულობის და მონაწილეობის პერსპექტივაზე ვისაუბროთ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ საქართველო აზერბაიჯანელ და თურქ პარტნიორებთან ერთად ქმნიდა, ქმნის და მომავალში მაქსიმუმ ძალისხმევას მოახმარს, რომ შეიქმნას ისეთი ფორმატები, რომელიც იქნება ხელშესახები საფუძველი სამი ქვეყნის დაკავშირებადობის ჭრილში ეკონომიკური განვითარებისთვის.

„ამ სამ ქვეყანას არა მხოლოდ ამ ქვეყნების მოსახლეობა, არამედ კონტინენტური მასშტაბით შეჰყურებენ იმ იმედით, რომ აქ კავკასიაში საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის მყარი კავშირი, მშვიდობიანი, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობა იქნება ხელშემწყობი შუა დერეფნის მაქსიმალური ამოქმედებისთვის, რაშიც აზერბაიჯანს, თურქეთს და საქართველოს ალტერნატივა არ გააჩნია“, - განმარტა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×