რეზონანსი
08.06.2026

იმ აზრით, რომ მაინც არაფერი გამოვა, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე გარჩევები და ხელის ქნევები გვიან იქნება, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.

მისივე თქმით, გისოსებს მიღმა ვერ შეძლებს ივანიშვილის დამარცხებას, რისთვისაც გარეთ ყოფნა და თავისუფლად გადაადგილება სჭირდება.

„იმ აზრით, რომ მაინც არაფერი გამოვა, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიქცა ჩემს ოპოზიციად, ვიდრე ივანიშვილი. გისოსებს მიღმა ვერ შევძლებ მის დამარცხებას, ამისთვის გარეთ ყოფნა და თავისუფლად გადაადგილება მჭირდება. ყველა მინუს ერთში გამსახურდიას გულისხმობდნენ​ და რა უბედურებაც მოიტანა ამან, ყველამ ვნახეთ. თავის ეგოზე მაღლა ყველამ ქვეყნის ინტერესი უნდა დააყენოს. ეს ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე გარჩევები და ხელის ქნევები გვიან იქნება.

ასე რომ, ჩემო მეგობრებო, სიტუაცია არის შემდეგი - რეჟიმი საერთო იზოლაციაშია, რაც ნიშნავს, რომ ამერიკელებთანაც აერევათ სიტუაცია, ცდილობენ, ტრამპის გულის მოგებას - დედა დედაა, მამა მამაა და ა.შ, მაგრამ ტრამპი რომ ამბობს ოპოზიციის ლიდერები არ უნდა იყვნენ ციხეში და პირს არ უნდა უკეტავდნენ, ეს ვერ გაიგეს. ბიზნესპროექტებით ცდილობენ ტრამპის მოზიდვას, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს ვერ მოიგებს ტრამპის გულს. ბიზნესპროექტს თუ შესთავაზებენ, ტრამპის ახლობელი დათანხმდება, მაგრამ პოლიტიკა პოლიტიკაა.

ამერიკასთან არათუ ვერ დაალაგებენ, დიდი გამწვავებისკენ მოდიან. ევროპას რაც შეეხება, სრული შეუთავსებლობაა. ეს ის ევროპაა, სადაც ესენი უკრაინას ლანძღავენ, ასევე დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას. ვერ მოხდება გადატვირთვა, თუ ფუნდამენტური ცვლილება არ მოხდება და ამისთვის ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩემი ხედვა რჩება ძალაში და ეს ხედვა აუცილებლად თქვენთან ერთად გაიმარჯვებს.

არ მივცეთ საშუალება, მთელი ქვეყანა ქაოსურ იდიოტურ ბაზარს დაამსგავსონ. ივანიშვილმა ვერ უნდა შეგვათრიოს საკუთარ ბაზარში, ეს ჩვენი ამოცანაა. ჩვენ ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ იდეაზე კონცენტრირება შეგვიძლია და არა მუჯლუგუნების რტყმა. ჩემს მომხრეებს ზოგი კარვის ქალებს, ეძახის ზოგი - რას. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მსგავსი ეპითეტებისგან. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩემი ვარცხნილობა ნიშნავს, რომ მე ვარ საბრძოლო ფორმაში. ჩვენი ოპტიმიზმი, ხედვა მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გადავდოთ.

შეიძლება, აქედან მთლიანად განადგურებულები ან მოგებულები აღმოვჩნდეთ. საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორი იყო და ამას დავიბრუნებთ. მსოფლიოში დიდი როლის მატარებელი ქვეყანა იყო საქართველო და ამან გადაარჩინა ქვეყანა 2008-ში, მთელი მსოფლიო დაგვიდგა. „ლუზერობა“ შორს, ჩვენ ვიქნებით გამარჯვებულები“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×