
პენტაგონი სულ უფრო მეტად შეშფოთებულია შეერთებულ შტატებზე ისრაელის ჯაშუშობის გაძლიერებით და კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლეს დონემდე გაზარდა. ამის შესახებ NBC News-ი წერს.
აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ ბოლო კვირების განმავლობაში გამოაქვეყნა კონტრდაზვერვის საფრთხის ახალი შეფასება, რაც ირანთან ომის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით ისრაელსა და აშშ-ს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე მოხდა.
წყაროების ცნობით, სადაზვერვო სააგენტომ გამოაქვეყნა შიდა შეტყობინება, რომელიც ერთ-ერთმა ამჟამინდელმა თანამდებობის პირმა ნახა და რომელშიც ისრაელისთვის საფრთხის დონე „კრიტიკულამდეა“ გაზრდილი.
აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება პენტაგონში არსებულ შეშფოთებას, რომ ისრაელი განსაკუთრებულ ძალისხმევას ახმარს აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების თვალთვალს, რათა მიიღოს ინფორმაცია ტრამპის ადმინისტრაციის შიდა განხილვებისა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შესახებ.
აშშ-ის ერთ-ერთი ამჟამინდელი ოფიციალური პირის თქმით, სადაზვერვო სააგენტოს შეფასება მოიცავს შვიდგვერდიან დოკუმენტს და დიაგრამას. მასში ნათქვამია, რომ ისრაელის შეფასებით, მისი შესაძლებლობები, განახორციელოს ჯაშუშობა და ტექნიკური ინფორმაციის შეგროვება, „კრიტიკულ დონეზეა“. გარდა ამისა, მასში მოყვანილია არაერთი კონკრეტული ინციდენტი, რომლებმაც აშშ-ის შეშფოთება გაზარდა.
ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრალდებები, თითქოს ისრაელი შეერთებულ შტატებს უთვალთვალებს, „სრულიად მცდარია“.
„ისრაელი არ აგროვებს სადაზვერვო ინფორმაციას ამერიკული ორგანიზაციების შესახებ და მით უმეტეს, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლების შესახებ. ისრაელის სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების ძალისხმევა მიმართულია მისი მტრების წინააღმდეგ და არა მოკავშირეების. ნებისმიერი საპირისპიროს მტკიცება ან უსაფუძვლოა, ან პოლიტიკურად მოტივირებული“, - აღნიშნა მან.
პენტაგონმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, ხოლო თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „მთელი ეს ამბავი ყალბია და მოდის იმ ადამიანისგან, რომელმაც არაფერი იცის იმის შესახებ, თუ რა ხდება“.