რეზონანსი
06.06.2026

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც უწყება ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში გაჟღერებულ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომ თითქოს გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პოლიციელმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და უცხოეთში იმყოფებიან. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გადაცემაში ნახსენები პოლიციის თანამშრომელი, შოთა მარუაშვილი გორში მომხდარი ინციდენტის დროს და არც შემდეგ შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, ხოლო გადაცემაში ნახსენები კიდევ ერთი სამართალდამცველი, ბესიკ ქვრივიშვილი ადგილზე გამოცხადდა მომხდარის შემდგომ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ უწყებისა და თითოეული პოლიციელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედიასაშუალებებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ ფაქტობრივი გარემოებები შესაბამის უწყებაში, რათა საზოგადოებას მიეწოდოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×