თამთა ჩაჩანიძე
05.06.2026

სომხეთის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის შიდა პოლიტიკური მომავლის გარდა, სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსსაც განსაზღვრავს. პროცესი ფაქტობრივად არის არჩევანი დასავლურ და რუსულ ვექტორებს შორის - ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა დასავლეთთან დაახლოებისა და აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესის გაგრძელების მანდატს ითხოვს, ხოლო მოსკოვი ოპოზიციური ძალების მხარდაჭერითა და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით ცდილობს, ერევანი საკუთარი გავლენის სფეროში შეინარჩუნოს.

ბოლო თვეებში სომხეთში საარჩევნო კამპანია ფაქტიურად გეოპოლიტიკურ დაპირისპირებად იქცა, რომელშიც დასავლეთი ღიად უჭერს მხარს ფაშინიანის კურსს, ხოლო რუსეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო გავლენის ინსტრუმენტებს აქტიურად იყენებს.

ფაშინიანის ეს კურსი რუსეთისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა. სომხეთი ათწლეულების განმავლობაში მოსკოვის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა სამხრეთ კავკასიაში, თუმცა ყარაბაღის კრიზისისა და 2023 წლის მოვლენების შემდეგ, საზოგადოებაში გაიზარდა უკმაყოფილება რუსეთის მიმართ, რომელმაც, ბევრი სომეხის აზრით, მოკავშირის და მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით ფუნქცია ვერ შეასრულა. სწორედ ამ ფონზე დაიწყო სომხეთის ხელისუფლებამ დასავლეთისკენ უფრო აქტიური სვლა.

მოსკოვი ამ პროცესის შეჩერებას რამდენიმე მიმართულებით ცდილობს- ღიად ემუქრება ერევანს, რომ ევროკავშირთან დაახლოებამ შესაძლოა ქვეყანა ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გარიყოს. პარალელურად, ბოლო კვირებში დაუწესა სხვადასხვა შეზღუდვა სომხური პროდუქციის ექსპორტზე, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და სასმელების სექტორში. რუსული მხარე ასევე საუბრობს ენერგეტიკული შეღავათების შესაძლო გაუქმებაზე, რაც სომხეთის ეკონომიკისთვის სერიოზული გამოწვევა იქნება.

მოსკოვი იმ ოპოზიციურ ძალებზე ამყარებს იმედებს, ფსონს მილიარდერ დაპატიმრებულ ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანზე და ასევე, სხვა ძალებზე დებს, რომლებიც ფაშინიანს რუსეთისგან დაშორებაში, ყარაბაღის დაკარგვასა და უსაფრთხოების სისტემის შესუსტებაში ადანაშაულებენ. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ დასავლური კურსი სომხეთს ახალ რისკებს უქმნის, ხოლო რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა ქვეყნის უსაფრთხოების ერთადერთი რეალური გზაა.

ეს არჩევნები ასევე მნიშვნელოვანი ტესტია დასავლეთისთვის. ევროკავშირი და აშშ ბოლო წლებში ცდილობენ სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გავლენა გააძლიერონ. ფაშინიანის გამარჯვება დასავლეთისთვის იმის დემონსტრირება იქნება, რომ რეგიონში შესაძლებელია რუსეთის ტრადიციული გავლენის შემცირება და ახალი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება.

გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ 7 ივნისის არჩევნები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ მთელი პოსტ საბჭოთა სივრცისთვის და განსაკუთრებით საქართველოსთვის, როგორც მეზობლისთვის და უფრო მეტად მნიშვნელოვანია რუსეთ-დასავლეთის ჭიდილის კონტექსტში.

"ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელიც არა მარტო სომხეთს, არამედ მთელს პოსტ საბჭოთა სივრცეს და სამხრეთ კავკასიას ეხება. მეზობელთან ჩატარებული არჩევნები ჩვენთვის მაინც ყველა ვარიანტში მნიშვნელოვანია, თუ რამდენად შეიცვლება ვითარება და იქნება თუ არა კეთილმეზობლური დამოკიდებულება, მიტომაც საქართველოსთვის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია.

"აშკარად ჩანს, რომ რუსეთი ძალიან ნერვიულობს, იმდენად, რომ ამას ვერც მალავს, ის აშკარად აგებს პოზიციებს. მან სომხეთის წინააღმდეგ ისეთი შეტევა განახორციელა, რომ გონიერი პოლიტიკა ამას არ გააკეთებდა. თუ აგებ, სჯობს მოითმინო, ბოლომდე წაგებას დაელოდო და მერე იმოქმედო. იმდენად სულსწრაფები არიან, იმდენად ვერ ითმენენ და ნერვებმა იმდენად უმტყუნეს, რომ თავის აგრესია უფრო ადრე გამოავლინეს,  თავიანთი წაგების შანსები მეტად გააძლიერეს და კიდევ მეტად გააძლიერეს პროევროპული განცდები სომხურ მოსახლეობაში.

  • პაატა ზაქარეიშვილი: "დღემდე ყარაბაღის თემა ბერ სომეხს აღიზიანებს და არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა შეიძლება ეს გამოიყენოს და ამ ნიადაგზე სისხლისღვრის რაღაცა მცდელობები წამოიწყოს, ამიტომ ფაშინიანი ბრძენი უნდა იყოს, რომ ამ ტალღას არ აჰყვეს"

"ფაშინიანი რომ პროევროპელია, ამაში ეჭვი აღარავის აღარ ეპარება, მთავარი ბრძოლა ახლა მიდის ამომრჩეველზე. რუსეთს ეს რაც არ უნდა არ მოსწონდეს, ჩუმად უნდა იყოს და მერე გააკეთოს რეაგირება, ეს სულსწრაფობა მეტყველებს, რომ საქმე ძალიან ცუდად აქვს და იქნებ რაღაცა გადაარჩინოს და იქნებ ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი დააჯეროს რაღაცაში, რომ მოდი ახლა მარწყვს არ ვიყიდი და რაღაცა წვრილმანს, რაც სასაცილოა.

"თუ რუსეთი სომხეთს აგებს, მაშინ ევროპული კონტექსტი მეტად ძლიერდება. ევროპამ 50 მილიონი გამოყო, რათა სომხეთიდან ის პროდუქცია შეისყიდოს, რასაც რუსეთი არ ყიდულობს, ეს ფანტასტიკური მხარდაჭერაა. თუ რუსეთისგან მოდის სომხეთი, ეს ნიშნავს, რომ თურქეთის კონტექსტი მეტად გაძლიერდება.

"თუ ფაშინიანმა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება მოახერხა და შეცვალა კონსტიტუცია ისე, რომ სამეზობლოსა და რეგიონში მისაღები იყოს, რაც სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულებას და აზერბაიჯანთან საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმებას ბიძგს მიცემს, ამით ხელს მოაწერს უკვე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას თურქეთთან.

"ამის მერე თურქეთთან მოეწერება ხელი მშვიდობაზე და მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთის გიუმრის ბაზა საჭირო აღარაა სომხეთში. სომხეთმა და თურქეთმა ერთად შეიძლება მოსთხოვონ რუსეთს, რომ ბაზა გაიყვანოს. რუსეთი დღემდე სპეკულირებს, რომ სომხეთს ბაზით ეხმარება და სულაც არ ეხმარება, ეს თავისთვის სჭირდება ნატოს წინააღმდეგ.

"რუსეთი გიუმრის ბაზის მიმართ ძალიან მშვიდად და წყნარად იყო და სომხეთს მუდმივად ამადლიდა, რომ შენი უსაფრთხოებისთვის მყავს აქ ბაზაო. უცებ შეიძლება ერთ-ორ წელიწადში თურქეთი და სომხეთი ერთად შემოუტრიალდნენ და უთხრა, რომ აღარ გვინდა ბაზა, ყველაფერი კარგადაა, შევრიგდით, სომხეთს არც აზერბაიჯანი და არც თურქეთი არ ემუქრება და ამიტომ გაიყვანე. ანუ რუსეთის კავკასიაში ყოფნა კიდევ მეტად საეჭვო და სათუო  გახდება.

"ყველა პარამეტრები რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს და ეს მარტო "ქართულ ოცნებას" არ ესმის და ჰგონია, რომ ყველაფერი კარგადაა. მთელი მსოფლიო ხედავს ფაშინიანი რამდენად ეფექტურად მოქმედებს. ფაშინიანი რომ გაიმარჯვებს ფაქტია, მაგრამ მთავარი მომენტია როგორ გაიმარჯვებს, ანუ აირებს თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობას და განაგრძობს თუ არა იმ პროცესებს, რაც აღვნიშნე",- განაცხადა მან.

მისი თქმით, ფაშინიანს გამარჯვების შანსი აქვს, რომლის შემთხვევაში, რუსეთი არეულობას შეეცდება სომხეთში.  

"ფაშინიანის გამარჯვების შემდეგ, რუსეთმა შეიძლება დაიწყოს მაგალითად სამოქალაქო დაპირისპირება. თუ ფაშინიანი სერიოზულ დარბევებზე და სისხლის ღვრაზე არ წავა, არავის არ აქვს არეულობის რესურსი. როგორც წესი, სისხლის ღვრაზე ხელისუფლება მიდის, თუ ხელისუფლებას ეს უნდა, სისხლი დაიღვრება, ოპონენტებში ყოველთვის აღმოჩნდება რაღაც იარაღი, რომლითაც შეიძლება ესროლო ხელისუფალს, მაგრამ ხელისუფალმა უნდა ეცადოს, რომ დაძაბულობა არ გააღვივოს.

"ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთმა შეიძლება ვიღაცეები შეაიარაღოს. სომხეთში ტერაქტი მომხდარა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მთელი პარლამენტი დაიხვრიტა, ეს სომხეთის ისტორიაში ყველაზე მტკივნეული ფურცელია. სომხებმა იციან, რომ ასეთი რაღაცის განმეორება კიდევ შესაძლებელია და ამიტომ ხალხს ტერაქტების ეშინია.

"დღემდე ყარაბაღის თემა ბერ სომეხს აღიზიანებს და არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა შეიძლება ეს გამოიყენოს და ამ ნიადაგზე სისხლისღვრის რაღაცა მცდელობები წამოიწყოს, ამიტომ ფაშინიანი ბრძენი უნდა იყოს, რომ ამ ტალღას არ აჰყვეს. მაინც იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა, არა იმიტომ რომ რუსეთს არ უნდა, არამედ იმიტომ, რომ ამას სომეხი საზოგადოება და ფაშინიანი არ დაუშვებს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×