რეზონანსი
18.05.2026

 შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე "რუსთავი 2-ის " ეთერში სიძულვილის ენაზე და მთავრობის ახალ ინიციატივაზე საუბრობს, რომლის ძირითადი ფუნქცია, საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.

მინისტრის მოადგილის თქმით, აუცილებელია მსგავსი ფაქტები შეფასდეს და სახელმწიფო ვალდებულია მსგავსი ქმედებებისგან ადამიანები დაიცვას.

"სამწუხაროდ, დღეს, საჯარო სივრცე, განსაკუთრებით სოციალური ქსელები, გაჯერებულია სიძულვილის ენით, ზიზღით, ერთმანეთის შეურაცხყოფით, ასევე ადამიანის ღირსების შემლახველი ქმედებებით, შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა იმოქმედოს კანონის შესაბამისად და ადამიანები, რომლებიც დასაშვები კრიტიკის ზღვარს გადადიან და შემდეგ კონკრეტული პირებისთვის ხდება ღირსების შელახვა, ასეთ დროს არსებობს შესაბამისი ნორმები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს და სახელმწიფოს ვალდებულებაა ასეთ დროს იმოქმედოს, დაიცვას ამ ადამიანების ღირსება.

ჩვენს შემთხვევაში, მოგეხსენებათ არაერთი შემთხვევა წაგვიღია სასამართლოში და შემდგომ ის პირები, რომლებმაც მსგავსი ქმედება ჩაიდინა ღია სასამართლო სხდომაზე, სადაც მეორე მხარეს აქვს უფლება წარადგინოს თავისი არგუმენტაცია, ჯდებოდა თუ არა მისი გამოთქმული ფორმა გამოხატვის თავისუფლებაში, რის შედეგადაც შეფასდება თითოეული გამონათქვამის შესაბამისობა კონსტიტუციის მოთხოვნებთან.

ჩვენ არაერთი მსგავსი შემთხვევა გვქონდა, როდესაც სოციალური ქსელის მეშვეობით ან ქუჩაში ხდებოდა საზოგადოებრივი წესის დარღვევა და იყო შემთხვევები, როდესაც სასამართლომ გაიზიარა პოლიციის არგუმენტები და ამ ადამიანების მიმართ დაწესდა ადმინისტრაციული სახდელები და იყო პროცესები, როდესაც ეს ჩათვალა გამოხატვის თავისუფლებად. ეს არის ცოცხალი პროცესი, სადაც ხდება შეფასება, სად არის იმ ზღვარის გავლება საჭირო, სად არის გამოხატვის თავისუფლება და სად ირღვევა ეს. აქამდე პოლიცია მუშაობდა ამ ფორმით.

რაც შეეხება ახალი სამმართველოს შექმნის საჭიროებას, დადგა იქიდან გამომდინარე, რომ იყოს ერთიანი მიდგომა, განახორციელოს აქტიური მონიტორინგი, გამოავლინოს ასეთი ფაქტები და საერთო პრაქტიკით მიმართოს სასამართლოს. ეს არის სასამართლოს განსჯადი ქმედება და ეს არ არის კონკრეტული ერთი პოლიციელის შესაფასებელი საკითხი. მას არ აქვს უფლება თავად მიიღოს გადაწყვეტილება, ეს არის ადმინისტრაციული გადაცდომა თუ გამოხატვის თავისუფლება, აქედან გამომდინარე, იმ საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, ჩვენ წარვადგენთ ყველა იმ შემთხვევას, სადაც ადგილი აქვს კონკრეტული პიროვნების ღირსების შელახვას და სხვისი უფლებების დარღვევას,"- აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×