
ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს. საზოგადოების ერთიანობა არის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა ჩვენთვის. ამას სჭირდება შესაბამისი მექანიზმები , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენასა და აგრესიულ კომუნიკაციას სისტემურ მონიტორინგს გაუწევს.
მისივე თქმით, შსს-ში საგანგებო სამმართველოს ჩამოყალიბება უზრუნველყოფს სახელმწიფოს ეფექტიან რეაგირებას სიძულვილის დათესვის ნებისმიერ მცდელობაზე.
„ჩვენ ვაკვირდებით ბოლო დროინდელ მოვლენებს, ბოლო წლების მოვლენებს როგორ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. ყველა ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის პოლარიზაციის ხელოვნურად თავსმოხვევის მცდელობა და ეს მცდელობა დიდწილად წარმატებულიცაა. სამწუხაროდ, ხდება სიძულვილის დათესვა. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ასეთ ტენდენციებს ვხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის საფუძველზე ცდილობენ, რომ მაქსიმალურად დათესონ საზოგადოებაში სიძულვილი. ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავუპირისპირდეთ. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს. საზოგადოების ერთიანობა არის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა ჩვენთვის. ამას სჭირდება შესაბამისი მექანიზმები. თქვენ იცით, რომ ამოქმედდა კანონმდებლობა, რომელიც სიძულვილის ენასა და დათესვას უპირისპირდება, თუმცა კანონმდებლობასთან ერთად საჭიროა აღსრულების ეფექტიანი მექანიზმებიც და ზუსტად ამას ემსახურება შსს-ში საგანგებო სამმართველოს ჩამოყალიბება, რომელიც შესაბამის პროცესებს გააკონტროლებს და უზრუნველყოფს სახელმწიფოს ეფექტიან რეაგირებას სიძულვილის დათესვის ნებისმიერ მცდელობაზე“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.