რეზონანსი
17.05.2026

ოპოზიციის კამპანიის მიზანი არის ის, ადამიანებს გავაგებინოთ, რომ 26 მაისს არის აქცია არის , რომელიც 19:00 საათზე, თსუ-დან იწყება. მსვლელობა იქნება პარლამენტამდე, სადაც იქნება სცენა. ქორეოგრაფია იქნება თუ სხვა რამ, ჯერ კიდევ ვმსჯელობთ, მაგრამ გვინდა, რომ რაღაც ახალი ამბავი იყოს და ხალხი, ვინც იქ მოვა, რაღაც საქმეში ჩავრთოთ , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტქალაქში" „ოპოზიციის ალიანსის" კარდაკარ კამპანიასა და 26 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, 26 მაისს მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა ერთმანეთი დაინახონ და ხელისუფლებამ დაინახოს ის, რომ ხალხი ბრძოლას აგრძელებს.

„გამოვაქვეყნეთ ექვსი პუნქტი იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებამ იცოდეს, როგორ წარმოგვიდგენია საარჩევნო პროცესისთვის ნდობის დაბრუნება, რათა მოქალაქისთვის აზრი ჰქონდეს საარჩევნო უბანზე მისვლასა და ხმის მიცემას. შემდეგ ისმის კითხვა, როგორ უნდა მივაღწიოთ ამას. ამას უნდა მივაღწიოთ წნეხის გაზრდით და, პირველ რიგში, ეს წნეხი უნდა იყოს ქუჩიდან. ჩვენ გვჭირდება ბევრი გაბრაზებული ადამიანი ქუჩაში.

26 მაისთან დაკავშირებით ჯერ არ გვაქვს ბოლომდე შეთანხმებული სცენარი, მაგრამ ძირითადად რა მიმართულებითაც ახლა ვფიქრობთ და იდეებს ვამუშავებთ, არის ის, რომ ეს ადამიანები, ვინც აქციაზე მოვლენ, რაღაც პროცესებში ჩავრთოთ.

საბოლოო ჯამში, გვინდა, რომ ეს პროცესი წავიყვანოთ მეტი დემოკრატიისკენ და მოქალაქეების მეტი ჩართულობისკენ. სხვანაირად როგორ შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანო, მე არ ვიცი, გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს მისცე საშუალება, პროცესებში მონაწილეობა მიიღონ და, მათ შორის, რაღაც ტიპის გადაწყვეტილებებიც მიიღონ.

26 მაისის აქციაზე, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი დავინახოთ. მე მგონია, რომ მთავარი ტყუილი, რომელსაც რეჟიმის პროპაგანდა ავრცელებს, არის ის, რომ თითქოს ისინი არიან უმრავლესობაში. ხალხმრავალი აქციის მთავარი მიზანი კი არის ის, რომ ვაჩვენოთ, რომ სინამდვილეში ასე არ არის. ჩვენც გვჭირდება ერთმანეთის დანახვა. მე ხომ მინახავს, ყოველი მრავალრიცხოვანი აქციის მერე როგორი დამუხტულები მოდიან ადამიანები. სულ რომ რაიმე კონკრეტული შედეგი არ დადგეს, მაგის მიუხედავად, უბრალოდ, უცებ, რწმენა უბრუნდებათ ხოლმე, რომ ისევ აქ ვართ, ისევ ცოცხლები ვართ და ისევ ვიბრძვით.

ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ციხეში მყოფი ადამიანებისთვის. მათ უნდა დაინახონ, რომ ეს ხალხი ჩვენ არ დაგვვიწყებია და ბრძოლა გრძელდება.

ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანია. დიდი ხანია, არ გვქონია ხალხმრავალი აქცია და იმათმაც უნდა დაინახონ, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ინფორმაცია აქვთ, რომ კასკადი იყო რეპრესიული კანონმდებლობების, ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ, აჯარიმებენ. ამ საგიჟეთში რომ ვცხოვრობთ, ეს დასავლეთში ხომ იციან და მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი რომ გამოდის ქუჩაში და ბრძოლას აგრძელებს, იმათთვის [დასავლეთისთვის] ამის დანახვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება.

ყველა ის მიზეზი, რომლის გამოც ასი ათასობით ადამიანი გამოდიოდა გარეთ, არსად არ გამქრალა და ეს მიზეზები ისევ ცოცხალია.

ამ პროტესტს კიდევ ის დანიშნულება აქვს, რომ აჩვენო რეჟიმს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვიბრძვით", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან არჩევნების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ მოქალაქეებს არჩევნების მიმართ ნდობა არ დაუბრუნდება, არ აქვს მნიშვნელობა მასში მიიღებს თუ არა მონაწილეობას რომელიმე პოლიტიკოს ან პოლიტიკური ძალა.

„არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობის ამბავი არ არის რომელიღაც პოლიტიკური ლიდერის ან პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი ამბავი. თუ რამე გვაჩვენა 2025 წლის ე.წ. ადგილობრივმა არჩევნებმა, გვაჩვენა ეგ, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს მოქალაქეებზე, მათ ექნებათ თუ არა პროცესისადმი ნდობა, რომელსაც ჩვენ ვეძახით არჩევნებს.

ჩვენ ახლა გვაქვს გაცილებით უფრო რთული რეალობა საარჩევნო სისტემისა და პროცედურების თვალსაზრისით, ვიდრე გვქონდა 2024 წელს. 2024 წელს სხვადასხვა იმედი და სხვადასხვა მოლოდინი არსებობდა, მილიონ რამეზე შეიძლება ვილაპარაკოთ, შეცდომებზე და ა.შ. მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნები ჯამში აქეთა ფლანგმა მოიგო, მაგრამ ვერ დავიცავით და იმათმა [„ქართულმა ოცნებამ"] ის დაწერეს, რაც უნდოდათ.

ახლა იმაზე ბევრად უფრო რთული რეალობა გვაქვს - აღარ გვყავს დამკვირვებლები აღარც ადგილობრივი, აღარც საერთაშორისო, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი ბოლომდე მორგებული აქვთ ისე, როგორც უნდათ, ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლება საერთოდ ჩამოართვეს და ა.შ.

ჩვენ გამოვაქვეყნეთ კონკრეტული პუნქტები და ესენი თუ შესრულდება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი [დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად], მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიან არჩევნებად.

ამ პუნქტებში ძირითადი არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების დაბრუნება, საარჩევნო კომისიის პარიტეტით დაკომპლექტების წესი და ა.შ.

მთავარი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური ლიდერი რას გადაწყვეტს. ერთადერთი, რასაც აქვს მნიშვნელობა, არის ის, რასა გადაწყვეტენ საბოლოო ჯამში საქართველოს მოქალაქეები. საქართველოს მოქალაქეებს თუ არ დაუბრუნდებათ ნდობა პროცესისადმი, რომელსაც ჩვენ ვეძახით არჩევნებს, რომელიმე პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ჯგუფიო შევა თუ არა არჩევნებში, ამას არ აქვს მნიშვნელობა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×