
2025 წელს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოცხადდა 27 796 ღია ელექტრონული ტენდერი - ამის შესახებ ირკვევა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ყოველწლიური ანგარიშიდან. დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საბოლოო სტატუსი მიენიჭა 26 441 ტენდერს, საიდანაც 20 202 შემთხვევაში გაფორმდა ხელშეკრულება, რაც შედეგიანად დასრულებული ტენდერების 76%-ს შეადგენს.
უარყოფითი შედეგით დასრულდა 1 857 ტენდერი, არ შედგა 3 392 ტენდერი, ხოლო 990 ტენდერი შეწყდა. აღნიშნული კატეგორიების რაოდენობამ სულ შეადგინა 6 239, რაც სტატუს მინიჭებული ტენდერების 24%-ს წარმოადგენს.
ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ტენდერების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო რაოდენობამ 20 460 შეადგინა, მათი გადანაწილება ასეთია: სამშენებლო სამუშაოები - 5 192 ხელშეკრულება (დაახლოებით 25%); საქონლის შესყიდვა - 9 049 (დაახლოებით 44%); მომსახურების შესყიდვა - 6 219 (დაახლოებით 31%).
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 6.38 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 6.1%-ია. აქედან, ელექტრონული ტენდერების საშუალებით განხორციელებულმა ხელშეკრულებებმა შეადგინა 4.547 მლრდ ლარი (71.25%), კონსოლიდირებულმა (ელექტრონულმა) ტენდერებმა 718.988 მლნ ლარი (11.25%), ხოლო გამარტივებულმა შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 1.114 მლრდ ლარი (17.5%).
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ათმა მსხვილმა სახელმწიფო ორგანიზაციამ ჯამში 1 367 ტენდერში გააფორმა ხელშეკრულება, ჯამური ღირებულება კი 1.7 მილიარდ ლარს აჭარბებდა.
2025 წელს ტოპ 10 შემსყიდველი ორგანიზაცია ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულების მიხედვით ასე გამოიყურებოდა: საავტომობილო გზების დეპარტამენტი - 562.2 მლნ ლარი (78 ტენდერი); თბილისის მერია - 205.3 მლნ ლარი (237 ტენდერი); მუნიციპალური განვითარების ფონდი - 176 მლნ ლარის (52 ტენდერი); ააიპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო - 159.1 მლნ ლარის (92 ტენდერი); თბილისის სატრანსპორტო კომპანია - 133.6 მლნ ლარის (174 ტენდერი); აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 129.6 მლნ ლარის (8 ტენდერი); სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო - 103.1 მლნ ლარის (73 ტენდერი); შინაგან საქმეთა სამინისტრო - 93.9 მლნ ლარის (412 ტენდერი); შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია - 76 მლნ ლარის (30 ტენდერი); ქუთაისის მერია - 69 მლნ ლარის (211 ტენდერი).