
დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. ყოველთვის უპრიანია უშუალოდ გვქონდეს საუბარი, ვიდრე ცალკეული ბიუროკრატები გამოვიდნენ და ომში ჩართვა მოუწოდონ საქართველოს, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა" საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამ დიალოგის ინიციატორი უკრაინის მხარეა და ამ დიალოგს უკვე აქვს დინამიკური ხასიათი, რაც საკმაოდ პოზიტიურია.
„ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო ყოველთვის იყო მართალი თავის გადაწყვეტილებებში. ჩვენ გვახსოვს კონკრეტული ფაქტები, რაოდენობა იმ რეზოლუციების, რითაც უკრაინას დავუჭირეთ მხარი. რომ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი სპონსორები ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდამჭერები. ის ჰუმანიტარული დახმარება, რაც საქართველომ გააგზავნა უკრაინაში და საპასუხოდ ჩვენ ვიღებდით ნამდვილად „არამეგობრულ" გადაწყვეტილებებს მათი მხრიდან, იგივე ელჩთან დაკავშირებით. გვახსოვს, ყველა ქვეყნის ელჩმა, საელჩომ დატოვა კიევი, მაშინ, როდესაც ჩვენი საელჩო კიევში ფუნქციონირებდა. როგორ მივიღეთ უკრაინის მოქალაქეები საქართველოში, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამები, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის მიმართულებით და ა.შ.
რაც შეეხება ამ შეხვედრებსა და კომუნიკაციებს, რომელსაც უკვე დინამიკური ხასიათი აქვს, ჩვენ ვიცით, რომ მისი ინიციატორი იყო უკრაინის მხარე და დიალოგს ზოგადად ალტერნატივა არ გააჩნია. ყოველთვის უპრიანია უშუალოდ გვქონდეს საუბარი. ვფიქრობ, ასე უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე ცალკეული ბიუროკრატები გამოვიდნენ და ომში ჩართვა მოუწოდონ საქართველოს, რაც არ მოხდება. მათ ნებაზე ჩვენ ვერ გავივლით. ახლა კარგია, რომ ეს რიტორიკა აღარ ისმის. სანაცვლოდ, ჩვენ ვხედავთ შეხვედრის სურვილებს. ამ შეხვედრებს აქვს თავისი დინამიკა და რა საკვირველია ესეც შეგვიძლია პოზიტიურად შევაფასოთ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.