
ვისაც ჰგონია, რომ „ყველა“ = „მე ვინც მომწონს ყველა“, ან შარზეა, ან შეგნებულად დესტრუქციულია, ან ქართული ენის ზოგიერთი სიტყვის შინაარსი არასწორად ესმის, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ერთობა მისთვის უბრალო სიტყვა არ არის და საქმით ცდილობს სიტყვებისთვის საზრისის მინიჭებას.
„ტვინი რომ გასხლა ბევრმა, ყველა გაერთიანდითო, ამ „ყველაში“ რას გულისხმობდით, იქნებ განმარტოთ? იგივე ადამიანები (მათ შორის, პოლიტიკოსები), რომლებიც ამბობდნენ, რომ „ლელოს“ და გახარიას გარეშე ეგ ალიანსი ყოფილი „ნაცების“ გაერთიანებააო, დღეს რაღანაირად ამბობენ, „ლელო“ და გახარიასთან დგომა როგორ შეიძლებაო?
მეორე ნაწილი, უკვე არსებული ალიანსის წევრებიდან ხან ერთზე რომ ამბობენ, მანდ რა უნდა, წავიდესო და ხან მეორეზე, ეგ რაღანაირი „ყველაა“?
ჩემთვის ერთობა უბრალოდ სიტყვა არაა. ზოგადად, ნებისმიერ სიტყვას ფასი აქვს ჩემთვის და არათუ საზრისს არ ვუკარგავ, არამედ საქმით ვცდილობ მის გაცოცხლებას. „თვინიერ საქმეთა სიტყვაი მკვდარ არს“ - გრიგოლ ხანძთელის ამ მაქსიმაზე ვარ გაზრდილი, თავის მხრივ, სახარებიდან რომ მოდის.
ვისაც ლაქლაქი და ენის ფხანა ჰგონია საქმე, ან ვისაც სიტყვა „ყველას“ მნიშვნელობა უკიდურესად თავისებურად ესმის, ან ვინც ფიქრობს, რომ ერთობით მოტანილი სირთულეები და ემოციური გაუგებრობები ვინმეს გვეხალისება, ძალიან შემცდარა. ვისაც ჰგონია, რომ „ყველა“ = „მე ვინც მომწონს ყველა“, ან შარზეა, ან შეგნებულად დესტრუქციულია, ან ქართული ენის ზოგიერთი სიტყვის შინაარსი არასწორად ესმის“, - წერს გვარამია.