
მედიის შეზღუდვა და ქართულ ტელევიზიებზე თავდასხმა - ასე აფასებენ თბილისში მოლდოვის გადაწყვეტილებას, რომელმაც სამ ქართულ არხს აკრედიტაციაზე უარი უთხრა.
კიშინოვში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესია დღეს გაიხსნა. ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს. დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლა. არაერთი მიმართვის მიუხედავად, კიშინიოვი არ განმარტავს, თუ რა კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს „რუსთავი 2“ და რატომ ეთქვა აკრედიტაციაზე უარი.
„ქართულ ოცნებაში“ მაია სანდუს მთავრობის ქმედება არ უკვირთ და ვარაუდობენ, რომ ეს გადაწყვეტილება იმ ევროპარლამენტარების მოთხოვნებს უკავშირდება, რომლებსაც საეჭვო რეპუტაცია აქვთ, ახლა კი ცდილობენ, მათთვის მიუღებელ მედიებს მუშაობა აუკრძალონ. საკითხს გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.
„მოლდოვა იყო იმ ერთიანი ნარატივის გაგრძელება, რომელიც, სამწუხაროდ, ბრიტანეთიდან დაიწყო და ასევე, სამწუხაროდ, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაში აქტიურად ხორციელდება ქართული მედიის წინააღმდეგ. ვფიქრობ, სიმართლე აუცილებლად იპოვის თავის გზას. ინფორმაცია, რომელიც საჭიროა, რომ ქართველმა მსმენელმა გაიგოს, აუცილებლად მიეწოდება ჩვენს საზოგადოებას, თუმცა ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციისა თუ ბიუროკრატიის ნაწილშია, ნამდვილად შემაშფოთებელია“, - აცხადებს ნინო წილოსანი.