რეზონანსი
13.05.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, რუსულმა ძალებმა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური შეტევა განახორციელეს, რომლის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა.

„დღეს მთელი დღის განმავლობაში რუსები ჩვენი რეგიონების წინააღმდეგ „შაჰედების“ ტალღებს უშვებენ და განსაკუთრებით მიზანში იღებენ იმ რეგიონებს, რომლებიც ნატო-ს ქვეყნების საზღვრებთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. უკვე დაფიქსირდა დარტყმები იმიერკარპატებში, ლვოვის ოლქში, ვოლინში, ასევე ივანო-ფრანკოვსკსა და როვნოს ოლქში. სამწუხაროდ, დარტყმები იყო ბევრ სხვა რეგიონშიც. ამ დროისთვის ცნობილია ათეულობით დაშავებულის შესახებ, მათ შორის არიან ბავშვებიც. სამწუხაროდ, ექვსი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დღის დასაწყისიდან უკვე დაფიქსირდა, სულ მცირე, 800 რუსული დრონი და შეტევა კვლავ გრძელდება. ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ახალი დრონები კვლავ შემოდიან“, –  აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ შეტევა იმ დღეს განხორციელდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთში ვიზიტით ჩავიდა.

„ამ რთულ გეოპოლიტიკურ მომენტში რუსეთი აშკარად ცდილობს საერთო პოლიტიკური ფონის გაფუჭებას და საკუთარი ბოროტებისკენ ყურადღების მიპყრობას. ამას უკრაინელი ადამიანებისა და უკრაინის ინფრასტრუქტურის ხარჯზე აკეთებს. ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, დრონების შემდეგ სრულიად შესაძლებელია, რომ უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმებიც განხორციელდეს,“ – აცხადებს ზელენსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×