რეზონანსი
13.05.2026

წელს აბიტურიენტებს საკუთარი მომავალი პროფესიის არჩევა უწევთ უპრეცედენტო ქაოსისა და გაურკვევლობის ფონზე - განათლების ეს რეფორმა „ოცნების“ არაკომპეტენტურობის კიდევ ერთი დადასტურებაა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა, რომლის განხორციელებაც დეკემბერში საკანონმდებლო ინიციატივით დაიწყო და დღემდე გრძელდება, არის ნაჩქარევი და გაუაზრებელი ნაბიჯი. ხვედელიანი აღნიშნავს, რომ მთავრობის მხრიდან დღემდე არ არის გამოცემული დადგენილება, რომელიც დაადგენს უმაღლესი სასწავლებლებში ფაკულტეტების გადანაწილებას.

„11 მაისს დასრულდა აბიტურიენტთა რეგისტრაცია, რომელიც 2026 წლის 6 აპრილს დაიწყო. წელს აბიტურიენტებს საკუთარი მომავალი პროფესიის არჩევა უწევთ უპრეცედენტო ქაოსისა და გაურკვევლობის ფონზე. 2025 წლის ნოემბერში კობახიძის მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა, რომლის განხორციელებაც დეკემბერში საკანონმდებლო ინიციატივით დაიწყო და დღემდე გრძელდება, არის ნაჩქარევი და გაუაზრებელი ნაბიჯი. ის არ პასუხობს ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის რეალურ გამოწვევებს.

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო და მინისტრი საზოგადოებას არწმუნებდნენ, თითქოს განათლების პროცესში შეფერხებები მოსალოდნელი არ იყო, რეალობა სრულიად საპირისპიროა: რეგისტრაციის დასრულების შემდეგაც კი დღემდე არ არის განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების მოდელი, მეთოდი, ფორმულა და ერთი სტუდენტის ფინანსური ნორმატივი. 

2026 წელს, პირველად ისტორიაში, ცნობარი აბიტურიენტებისთვის დაგვიანებით გამოქვეყნდა - თებერვლის ნაცვლად, მხოლოდ 4 აპრილს, რეგისტრაციამდე 2 დღით ადრე. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისთვის განაცხადის ვადამ ორი თვით გადაიწია, რაც სერიოზულ გამოწვევას ქმნის როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ისე პროცესში ჩართული ყველა პირისთვის.

მთავრობის მხრიდან დღემდე არ არის გამოცემული დადგენილება, რომელიც დაადგენს უმაღლესი სასწავლებლებში ფაკულტეტების გადანაწილებას. დღეს დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომლის მიღებითაც 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების მოპოვების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა ექნებათ სტუდენტებს. ამ ცვლილების ახლა შემოტანაც ადასტურებს მთავრობის ნაჩქარევ რეფორმას, რადგან დეკემბერში განხორციელებული ცვლილებებით ფაქტობრივად გაუქმებული იყო სამართლებრივი ჩარჩო რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სტუდენტებს გრანტის გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევდა. განათლების ეს რეფორმა „ოცნების“ არაკომპეტენტურობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ამ პროცესის მთავარი მსხვერპლი კი არიან ახალგაზრდები, მათი ოჯახები და ქვეყნის მომავალი თაობა“, - განაცხადა ხვედელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×