
გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის. მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია. საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას. მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოვლის ტაძარში ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს.
„ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ, ერთი ორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი. რთულია, სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად, ღირსეულად გაუმკლავდე ამასოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა, ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ, გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის. მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია.
საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას. მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას. ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს, რომლებიც ვინ იცის, უძღებ შვილთა მსგავსად, ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას. სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული, მოწოდება, რადგან უფალი გვასწავლის, რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდყოფა, იყოს თქვენდა მსახურ.
ქვეყნის ხვალინდელი დღე და მომავალი არიან ჩვენი შვილები. ისინი ყოველდღიურად გვაკვირდებიან, გვისმენენ, სწავლობენ ჩვენგან. ხშირად ცხოვრების განსხვავებულ გზებს ირჩევენ, მაგრამ მაინც შვილებად რჩებიან. სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი სიყვარული, ზრუნვა და თანადგომა. მათში უნდა განმტკიცდეს ქრისტეს რწმენა, ეროვნული ფასეულობები, ტრადიციებისადმი პატივისცემა, პასუხისმგებლობის განცდა ერისა და ეკლესიის წინაშე. ეს კი ისევ და ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ.
ისე უნდა ვიცხოვროთ და ვიშრომოთ, რომ მათთვის ღირსეულ მაგალითად ვიქცეთ, რათა მომავალში ერთსულოვანი, მორწმუნე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით გამსჭვალული მოქალაქეები ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა პატრიარქმა.