
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს, ბრალი წარუდგინა. მას ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა, მათ შორის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ალექსეი ჩერნიშოვმა და ბიზნესმენმა თიმურ მინდიჩმა, დაახლოებით 10 მლნ. აშშ დოლარი გაათეთრეს. თანხები ხუთი მდიდრული რეზიდენციის მშენებლობაზე დაიხარჯა, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 2 მილიონ დოლარს აღწევს, პროექტის დაფინანსება კი, ძირითადად, კორუფციული გზით მოპოვებული ნაღდი ფულით ხორციელდებოდა.
ერმაკს ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 209-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია ემუქრება.
თავად ანდრეი ერმაკი ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საკუთრებაში მხოლოდ ერთი ბინა და ერთი ავტომობილი აქვს.