რეზონანსი
12.05.2026

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III მივიდა. რამდენიმე წუთის წინ ტაძარში სადღესასწაულო მსახურება დაიწყო. სადღესასწაულო წირვაზე შედგება ახალარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია.

საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცემენ მართვის სიმბოლოებს, კერძოდ, საპატრიარქო მიტრას, ასევე კუნკულ-ბარტყულს (თავსაბურავს) და ჯვარ-პანაღიასა და კვერთხს.

ასევე, დღეს, 12 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლას და საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას. როგორც თავად კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ განმარტა, ტრადიციითაა განპირობებული ის, რომ „გამორჩევის შემდეგ პირველი კვირას, ან დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა“.

შიო III-ის ინტრონიზაციას ესწრებიან მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი გუშინ, სამების ტაძარში ჩატარებულ, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩია.

ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×