
11 მაისს წმინდა სინოდის წევრებმა, სამღვდელოებამ და ერისკაცთა წარმომადგენლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს. მან ყველაზე მეტი - 22 ხმა მიიღო. მეუფე იობს - 9 ხმა ერგო, ცოლო მეოუფე გრიგოს - 7.
ახალმა პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მოღვაწეობა იქნება ილია მეორის გზის პირდაპირი გაგრძელება - გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ხალხის სიყვარულისა და საქართველოს გამთლიანებისთვის თავგანწირული მსახურების.
ახალი პატრიარქის პიროვნება ყოველთვის იწვევდა საზოგადოების დიდ ინტერესს. მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი) 1969 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში, გამორჩეულ ინტელიგენტთა ოჯახში დაიბადა. მამა, თეიმურაზ მუჯირი, ცნობილი არქეოლოგი იყო; დედა, ნანა ქურდიანი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; პაპა და ბებია კი აღიარებული ექიმები.
ელიზბარი ბავშვობიდანვე ყველასგან გამორჩეული იყო. 53-ე სკოლის მოსწავლე, რომელიც ვერაზე ცხოვრობდა, თავისი სიმაღლითა (190 სმ) და კეთილშობილური გარეგნობით ყოველთვის იქცევდა ყურადღებას, თუმცა მისი მთავარი გატაცება მუსიკა იყო.
მოულოდნელად 1991 წელს ის შიომღვიმის მონასტერში წავიდა და 5 წლის განმავლობაში თბილისში არ გამოჩენილა. დედაქალაქში ის უკვე ბერად აღკვეცილი დაბრუნდა.
ერთადერთი ვრცელი მოგონება ელიზბარ მუჯირის სასულიერო გზაზე შედგომაზე, მუსიკოს ქეთი ლოლაძეს ეკუთვნის. წლების შემდეგ კი, როცა მეუფე შიო უკვე მაღალი იერარქი იყო, ერთ-ერთ კონცერტზე შენიშნეს, როგორ ამოძრავებდა თითებს ჰაერში პატარა ჩელისტის დაკვრისას - თითქოს გულში ისევ ძველებურად უკრავდა.
"მახსოვს, პირველად რომ ვნახე კონსერვატორიაში, მზესავით იყო, ნათელი, თბილი, ფუმფულა და საყვარელი სულ ღიმილით, მაშინაც წვერიანი დადიოდა, ეს პატარა 17 წლის ბიჭი და ირგვლივ სიკეთეს და სითბოს აფრქვევდა. არ ვიცი, მეჩვენებოდა თუ არა, რომ ყველასგან განსხვავებული იყო გარეგნობით თუ ხასიათით. მერე მახსოვს, პირველად მოვისმინე როგორ უკრავდა ჩელოზე, მაშინ კი დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ყველასგან განსხვავებული იყო.
ეს არ იყო ჩვეულებრივი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული პატარა ბიჭი, სცენაზე ზრდასრული, ჩამოყალიბებული მუსიკოსი იჯდა. ისიც მახსოვს, თუ როგორ "აფეთქდა" მისი სახელი პირველივე კონცერტიდან, როგორ ეხვეოდნენ თავს პროფესორები და ლექტორები, კომპლიმენტებს არ იშურებდა არავინ, წარმატებულ მომავალს ხედავდნენ მასში.
ასე გახდა ყველასათვის საყვარელი ელიზბარი, მუსიკოსი, რომლის პირველივე ბგერიდან ბურთი გებჯინებოდა ყელში და ცრემლი გერეოდა ისე უკრავდა... რა მომენტში დავმეგობრდით არ მახსოვს, მახსოვს ჩვენს შორის ორი საერთო ინტერესი და სიყვარული გამოიკვეთა: ჯაზი და მურაბა. მერე იყო ჩემთან სამზარეულოში ღამეების თენება, გაუთავებელი საუბარი ყველაფერზე და არაფერზე (მურაბის და ჯაზის თანხლებით, რა თქმა უნდა). ერთხელაც, უცებ საიდუმლო გამიმხილა, თუ როგორ აპირებდა ჩელოსთან განშორებას და სხვა გზის არჩევას.
თავიდან მეგონა ხუმრობდა, მახსოვს, დავცინე კიდეც (პირველი რეაქცია იყო ასეთი) და მე რომ იმ ღამეს ხუმრობა მეგონა, ჩემს მაესტროს (იმ დროს კონსერვატორიის რექტორს) ბატონ ნოდარ გაბუნიას სულაც არ ეხუმრებოდა. რა არ მოუყვანა მაგალითად, ვისი ბიოგრაფია არ გაახსენა და წაუკითხა, როგორ არ ეცადა, გადაეთქვა ელიზბარს თავისი გადაწყვეტილება, როგორ ემოციურად უხსნიდა მთელი თავისი არსებით რომ მუსიკაა სწორედ ის გზა, ღვთის გზა, რომელიც უფალთან მიიყვანდა, რომ მუსიკაც ბუნების ძალაა ღმერთისგან შექმნილი... ყველაფერი ამაო იყო.
ელიზბარი ჯიუტად თავისას ითხოვდა. ვიჯექი როიალთან ხმაგაკმენდილი და ვუსმენდი მათ დიალოგს (უფრო კამათს). ვიჯექი და მთელი გულით მამა ნოდარის მხარეს ვიყავი იმ წუთას. გვენანებოდა ელიზბარი, გვენანებოდა მისი მონაცემები, ნიჭი, უზადო შესაძლებლობები, მომავალი, კარიერა და ვინ მოთვლის კიდევ რა... ის კი ჯიუტად ითხოვდა ხელმოწერას კონსერვატორიიდან გარიცხვის შესახებ. ასეც მოხდა, დაიყოლია, აიღო ფურცელი, თვალი ჩამიკრა და გაუჩინარდა. დაგვტოვა დამუნჯებული. იმ დღეს გაკვეთილი ვეღარ გავაგრძელეთ, განწყობა გაქრა, შევყურებდით ერთმანეთს მაესტრო და მე გაკვირვებული, ჩუმად, უხმოდ.
მას მერე წლები გავიდა არაფერი მსმენია მასზე... ნოდარ გაბუნიას პანაშვიდზე ყველა მამაოს ელოდა წესის ასაგებად, და შემოვიდა მამაო, ისევ ისეთი ნათელი სახით, ისევ მზესავით თბილი, მშვიდი და ისევ ყველასგან განსხვავებული. როგორი გულწრფელი იყო, როგორი პასუხისმგებლობით აღასრულა რიტუალი. ისევ სამზარეულოში აღმოვჩნდით, ამჯერად გაბუნიებთან სახლში, ვისხედით პირისპირ, ვუყურებდით ერთმანეთს და ხმას არ ვიღებდით.
რაღაც ერთი საერთო ტკივილი გვქონდა, დიდ მაესტროს ვემშვიდობებოდით, ბოლოს გაიღიმა, წამიერად ერთი და იგივე აზრი დაგვიტრიალდა თავში, დუმილი კი მან დაარღვია და მითხრა: "ქეთი, წლების წინ, მაშინ, ნოდართან კაბინეტში, ჩვენ სამნი რომ ვისხედით, რომელიმე ვიფიქრებდით, რომ ბატონ ნოდარს ამ ცხოვრების უკანასკნელ გზაზე მე გავაცილებდი?". ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით ვერც იმას და ვერც ამას, თუ რა ხდება დღეს მის თავს...
ბოლოს ორი წლის წინ ვნახე, სენაკში, სადაც ვალერიან შიუკაშვილის ფესტივალი იმართება ყოველწლიურად. დარბაზში იჯდა, მომეჩვენა რომ იმ ნათელ გამომეტყველებას დარდი ჰქონდა შეპარული, ცოტაც მობერებული, თმა-წვერ თეთრიანი, სევდიანი იყო. სცენაზე პატარა ჩელისტი ბიჭი ავიდა, როგორც კი დაკვრა დაიწყო, სახე გაუნათდა ისევ, თვალებში სითბო ჩაეღვარა და გაეღიმა. ჰო, და კიდევ კვერთხი ეჭირა. თვალი რომ გავაპარე, თითებს ამოძრავებდა აღმა-დაღმა, უკრავდა ალბათ გულში".
მეუფე შიოს გზა ეკლესიაში სწრაფი და ნაყოფიერი იყო:
1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა.
1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად.
2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.
2009 წლის ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.
2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.
2017 წლის 23 ნოემბერს დაინიშნა სრულიად საქართთველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ.
2018 წლის 21 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.