
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდა და ვალდებულებების სწრაფად შესასრულებლად თანხის წინასწარ გადაცემა მოითხოვა. ბრალდებულმა ვალდებულება არ შეასრულა, ხოლო დაზარალებულების მიერ გადაცემული 120 000 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (3 ეპიზოდი)) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით (4 ეპიზოდი)) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.