
"სამწუხაროდ, გუშინაც ვიხილეთ იგივე მცდელობა, რომ დაჩრდილონ გამარჯვების დღე და უკვე ეჭვი მაქვს, არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე სხვა დღეებით, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის დღით, რაც არის ისტორიული უმადურობა იმ მსხვერპლის წინაშე", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხდება მცდელობა, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე გადაფარონ და წაშალონ ქართული საზოგადოების ხსოვნაში.
"ჩემი წერილი, ასევე, ეხებოდა ევროპის დღის გამიჯვნას ფაშიზმზე გამარჯვების დღისგან. შარშან ვერ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩისგან იმ 300 000 ქართველის წვლილზე, რომელიც დაიღუპა იმისთვის, რომ დღეს ევროპა იყოს ისეთი, როგორიც არის, ფაშიზმისგან თავისუფალი. არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა, რომ არა ასობით ათასი ქართველი, რომელიც იბრძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, გუშინაც ვიხილეთ იგივე მცდელობა, რომ დაჩრდილონ გამარჯვების დღე და უკვე ეჭვი მაქვს, არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე სხვა დღეებით, ამ შემთხვევაში ევროკავშირის დღით, რაც არის ისტორიული უმადურობა იმ მსხვერპლის წინაშე, რომელიც გაიღეს სხვადასხვა ხალხებმა.
როცა რაიმე დღე აღინიშნება ქვეყანაში და შენ ხარ სტუმარი, სტუმარი შენი დღესასწაულით შედიხარ მასპინძელთან და არც კი იხსენებ, რას აღნიშნავს მასპინძელი იმ დღეს, ეს არ ჯდება არანაირ გაგებაში. ეს აჩვენებს იმას, რომ არის მცდელობა, გადაფარონ, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. წაშალონ ის მეხსიერება, რომელიც ქართულ საზოგადოებაში არის სამამულო ომთან დაკავშირებით," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.