რეზონანსი
10.05.2026

ლაგოდეხის სოფელ ვარდისუბანში, ადგილობრივები გუშინ ღამით მომხდარ დაჭრაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ პედაგოგი ქალი, ლია ღარიბაშვილი, შემთხვევით დაჭრეს და სამიზნე მისი შვილი იყო, თუმცა თავდამსხმელმა ღამით ვერ დაინახა, რომ ეზოში შვილის ნაცვლად, დედა გამოვიდა. ადგილობრივების ინფორმაციითვე, კაცი ბავშვობის მეგობარს სახლის ეზოსთან ჩაუსაფრდა:

"12 საათი იყო, რომ ჩემი ეზოდან ესროლა ბიჭმა. ერთი სროლა რომ გაისროლა, გამოიხედა იმ ქალმა და ესროლა ამ ქალს. კედლები სულ დაცხრილულია. თვითონ აღიარა ყველაფერი. აქ ვიჯექი 1-2 საათიო, ჩემი ბროწეულის ძირში. ე.ი. ყარაულობდა... მის ერთ-ერთ შვილთან ჰქონდა რაღაცა უკმაყოფილება.... რომ გამოვალ მაინც მოვკლავო, უთქვია" | ამბობს დაჭრილის მეზობელი ტვ პირველთან.

"შეეშალა, შუქი არ აანთო და შუქჩაქრობილზე მოხდა ეგ ამბავი... ძმაკაცობდნენ წლები [დაკავებული და დაჭრილის შვილი], რაღაც კონფლიქტი მოუვიდათ და "... - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

32 წლის კაცი მომხდარიდან მალევე დააკავეს. დაკავებული მეზობელი სოფლის მკვიდრია, ის ცოდნისკარში ცხოვრობს. როგორც სოფელში ამბობენ, მას შემდეგ რაც მან გაიგო, რომ სამიზნე აერია, პოლიციას თავად ჩაბარდა. მას ბრალდება დღეს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლი, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სანადირო თოფით დაჭრილი ქალის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×