რეზონანსი
07.05.2026

ევროკომისია უნგრეთისთვის ყველა გაყინული თანხის დაბრუნებას არ ჩქარობს, - წერს Politico წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, ამჟამად ბრიუსელსა და პარტია „ტისას“ ლიდერის, პეტერ მადიარის გუნდს შორის, რომელიც უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ხდება, დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობს პანდემიის შემდგომი აღდგენის ფონდიდან 10,4 მილიარდი ევროს განბლოკვის თაობაზე. ეს თანხები გაყინული იყო ევროკავშირის პრეტენზიების გამო, რომლებიც ვიქტორ ორბანის მთავრობის დროს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების სავარაუდო დარღვევას უკავშირდებოდა. მოსალოდნელი იყო, რომ მადიარის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ევროკომისია მათ სრულად განბლოკავდა.

თუმცა Politico იტყობინება, რომ ევროკომისია მზად არის განიხილოს მხოლოდ პაკეტის გრანტული ნაწილის გამოყოფა 6,5 მილიარდი ევროს ოდენობით. კომისია ბუდაპეშტისთვის კიდევ 3,9 მილიარდი ევროს კრედიტის სახით გადაცემის წინააღმდეგია, ვინაიდან უნგრეთი პროგრამის დასრულებამდე (31 აგვისტო) ყველა საჭირო რეფორმის განხორციელებას ვერ ასწრებს. გამოცემისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიის უარის მიუხედავად, მადიარის გუნდი სახსრების სრული მოცულობით განბლოკვას მიღწევას მაინც გეგმავს.

გაყინული აღმოჩნდა სახსრები, რომლებიც უნგრეთისთვის ერთიანობის ფონდისა (ევროკავშირის დეპრესიული რეგიონების განვითარებისთვის) და პანდემიის შემდგომი აღდგენის ფონდის ფარგლებში იყო გამოყოფილი. ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, 29 აპრილს ბრიუსელში მადიართან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს იმ პრობლემების მოგვარებას, რამაც თანხების გაყინვა გამოიწვია, და უნგრეთის დაბრუნებას საერთო ევროპულ ღირებულებებთან. მან მადიარს დაფინანსების განბლოკვის პირობები დაუსახელა, თუმცა კონკრეტული ვადების გარეშე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×