
ანტიქართული „ოცნების“ მიერ, გუშინ, თავდაცვის მინისტრის ჩაყვანა ანაკლიის ცარიელ სანაპიროზე, სადაც არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს, ფოტოსესია და „ქართული ოცნების“ მინისტრის წრეზე სიარული, არის სასაცილო პროპაგანდა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები არ დავიჯერებთ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2020 წელს უნდა მიეღო ანაკლიის პორტს პირველი გემი, დღეს კი ვხედავთ არარსებულ პროექტს, ჩაშლილ მოლაპარაკებებს და ქვეყნიდან გაძევებულ დასავლელ ინვესტორებს.
„ანტიქართული „ოცნება“ საკუთარ ტყუილებში ჩაიკარგა. ისინი იხრჩობიან იმ პროპაგანდასა და ტყუილებში, რასაც აწარმოებენ. გუშინ, ანტიქართული „ოცნების“ პროპაგანდისტული საშუალებებით გავრცელდა სიუჟეტები, რომლის მიხედვითაც, თითქოს ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო. ეს არის კიდევ ერთი ბლეფი და ტრიუკი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელიც მიუთითებს, რომ აქამდე, 6 წლის განმავლობაში გაკეთებული განცხადებები „ქართული ოცნების“ მხრიდან ტყუილი იყო. მერამდენეჯერ, ალბათ, რამდენიმე ათეული შემთხვევაა, როდესაც დააანონსეს, რომ დღეს დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა. სინამდვილეში, ყველაფერი არის ტყუილი, პროპაგანდა და ბლეფი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან.
2024 წელს, მორიგი მსგავსი ტრიუკის პირობებში, ბიძინა ივანიშვილი და მისი პროპაგანდისტული მანქანა გამოვიდა და თქვა, რომ სულ რამდენიმე დღეში, ხელშეკრულება გაფორმდებოდა ჩინურ კონსორციუმთან, რომელიც მშენებლობასაც დაიწყებდა. დღეს, კიდევ ერთხელ დასტურდება რომ აქამდე ნათქვამი ყველა დაპირება, ყველა თარიღი იყო ტყუილი. მხოლოდ მშრალი პროპაგანდა ივანიშვილის და ანტიქართული „ოცნების“ მხრიდან.
2026 წელს, დღეს, არ არსებობს არც ინვესტორი, არც დასრულებული და აშენებული ანაკლიის პორტი, აღარ არსებობს მასტერპლანი, გენერალური გეგმა, რომელიც უნდა ყოფილიყო შეთანხმებული მრავალგზის. ეს გენერალური გეგმაც და მასტერპლანიც ნაგავში მოისროლეს. შეუკვეთეს ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ახალი ე.წ. მასტერპლანი, რომლის მიხედვითაც, საერთოდ მიზნობრიობას და შედეგობრიობას ეჭვქვეშ აყენებს ივანიშვილი და მისი ანტიქართული „ოცნება“.
გუშინ, ანტიქართული „ოცნების“ მიერ, თავდაცვის მინისტრის ჩაყვანა ანაკლიის ცარიელ სანაპიროზე, სადაც არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს, ფოტოსესია და „ქართული ოცნების“ მინისტრის წრეზე სიარული არის სასაცილო პროპაგანდა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები არ დავიჯერებთ. ფაქტი ერთია: მაშინ, როდესაც 2020 წელს უნდა მიეღო ანაკლიის პორტს პირველი გემი, დღეს ვხედავთ არარსებულ პროექტს, ჩაშლილ მოლაპარაკებებს, ქვეყნიდან გაძევებულ დასავლელ ინვესტორებს, ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებს. ამ პირობებში, შეუძლებელია ივანიშვილმა ააშენოს ანაკლიის პორტი. მას არ უნდა ანაკლიის პორტის აშენება, მას ინტერესი აქვს რომ საქართველომ ეს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი დაკარგოს.
ცხადად გახსნილია ახალი შესაძლებლობების ფანჯარა, რაც გამოხატულია ჩვენი პარტნიორების კიდევ ერთხელ ხმამაღლა გაჟღერებული დაინტერესებით, რომ შავი ზღვა არის ჩვენი პარტნიორების ინტერესი. ამ შესაძლებლობას ივანიშვილი აკარგვინებს ქვეყანას, პროპაგანდით ცდილობს ფონს გასვლას.
„ლელო ძლიერი საქართველო“ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ ეროვნული და სტრატეგიული ობიექტის მთავარი მხარდამჭერია. პროექტის, რომელსაც ჰქვია „ანაკლია“. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა აშენდეს ანაკლიის პროექტი. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად, პირველივე ნაბიჯად უნდა გადაიდგას ის, რომ ეროვნული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტად გამოცხადდეს ანაკლიის პორტი, ყველა ხელშეკრულება უნდა იყოს საჯარო, არა „შავი ფარდის“ მიღმა, როგორც ივანიშვილი აკეთებს, იქნება ეს „არაბული ქალაქები“, თუ სხვა. დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი ჩინური და რუსული ინვესტიციების არსებობა, რომელიც შესაძლებელია ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს სახელმწიფოს ჩართულობით, დასავლელ, ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობის პრინციპით.
რამდენმა მინისტრმაც არ უნდა ისეირნოს ანაკლიის სანაპიროზე, სადაც არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს, ჩვენ პორტს აუცილებლად ავაშენებთ“, - აღნიშნავს კუპრაძე.
შეგახსენებთ, გუშინ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გუშინ, ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად გაეცნო. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, „პროცესი უკვე საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული“.