
უკრაინაში ძალიან კარგად იციან, რა ნაბიჯები აქვთ გადმოსადგმელი, იმედი გამოვთქვათ, რომ უკრაინა საქართველოსთან ურთიერთობაში პრაგმატულ გზას დაადგა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინამ საქართველოსთან მიმართებაში მრავალი შეცდომა დაუშვა.
„სანქციები, ზოგიერთი თანამდებობის პირის დანიშვნა, რომელიც საქართველოში ძებნილია, ზოგს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე ეძებენ, გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია და ბევრი სხვა საკითხიცაა. ისინი თუ ამ პრაგმატულ ნაბიჯებს გადმოდგამენ, ჩვენგან, რა თქმა უნდა, საპასუხო ნაბიჯები არ დაიგვიანებს. ჩვენ მივესალმებით ურთიერთობებს, თუ ისინი რეალობასა და ურთიერთპატივისცემაზე იქნება დაფუძნებული“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
კითხვაზე, რატომ შერბილდა უკრაინის პოზიცია საქართველოსთან მიმართებით, თენგიზ შარმანაშვილი პასუხობს, რომ „დარწმუნდნენ, რომ ძალადობრივი გზით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია, რომ ამის რესურსი მათ მიერ მხარდაჭერილ აქაურ ადამიანებს არ გააჩნიათ. მგონია, ეს რეალობა გაითავისეს“.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას შორის შეხვედრები 4 მაისს ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაიმართა.
6 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბრის შესახებ. საგარეო უწყების ცნობით, საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს. ამასთან, ანდრეი სიბიგამ მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. სიბიგას თქმით, საუბრისას უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე შეთანხმდნენ.