
ჩვენს უწყებაში „მოსკოვის მექანიზმის“ პოლონელი ექსპერტი ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, გაიმართა შეხვედრა, რომელსაც უშუალოდ მეც ვესწრებოდი, შეუძლებელია, ის საკითხები, რაც ამხელა ანგარიშშია აღნიშნული, ერთი საათის განმავლობაში დაფარულიყო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განაცხადა.
ბექა ძამაშვილს დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ კითხვა დაუსვა „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაში არსებულ რამდენიმე ჩანაწერზე და მინისტრის მოადგილეს ჰკითხა, იმყოფებოდა თუ არა პოლონელი ექსპერტი, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში.
„ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია სტრასბურგის სტატისტიკის შესახებ, დადებით დინამიკაზე, მათ შორის შესაბამისი წყაროებიც გავუგზავნეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინა, რადგან უნდა შეეფასებინა მთლიანად ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა. თუმცა როგორც ვნახეთ, სახელმწიფოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია ანგარიშში არ არის. მასში ასახულია ინფორმაცია ცალმხრივად, შეიძლება ითქვას, მისი პირადი გადმოსახედიდან. სამართლებრივად, როდესაც ასეთი ტიპის დასკვნა დგება, გაერო-ში და ევროსაბჭოში არის სხვა მეთოდოლოგია, რაც გულისხმობს იმას, რომ განხილვები უნდა იყოს სიღრმისეული, ეყრდნობოდეს დოკუმენტაციას. ფიზიკურად შეუძლებელია, ერთ კვირაში თუ ორ კვირაში ამ მოცულობის მასალის გადამუშავება და დასკვნის დაწერა“, – განაცხადა ძამაშვილმა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჰკითხა, „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტის დასკვნის კიდევ ერთ ნაწილზე, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებს შეეხება.
„შესაძლოა, დღეს ვიღაცას ჰქონდეს განცდა, რომ რაღაც დაირღვა, მაგრამ ჩვენ ამ ექსპერტს ავუხსენით, რომ ეს იყო საქმე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება და ამ ადამიანებს თუ აქვთ რაიმე პრეტენზია, მათ შორის გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით, შეეძლოთ, ეს წაეღოთ ან გაერო-ში, ან სტრასბურგის სასამართლოში. ჩვენ დღემდე არ მოგვსვლია ეს საქმე, მედიით გვაქვს მხოლოდ ინფორმაცია, თითქოს შეიტანეს საჩივარი. როდესაც ამას ევროპული სასამართლო ფაქტებზე დაყრდნობით განიხილავს, შემდეგში იქნება შესაძლებელი, მტკიცებით ფორმაში რაღაცის თქმა. მანამდე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მხოლოდ ცალკეული ადამიანების შეფასება, აღქმა, მაგრამ დადასტურებულად იმის ჩაწერა, რაც „მოსკოვის მექანიზმში“ ჩაიწერა, იყო აპრიორი არასწორი, რადგან არ გაუკეთებია შეფასება ავტორიტეტულ ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში მე შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან გამოძიების ქვეშ არის ეს საკითხი, გამოძიება ვიდრე არ დასრულდება, შეფასება ვერ გაკეთდება მტკიცებით ფორმატში. თუ ვიღაცას ექნება კითხვის ნიშანი გამოძიების ეფექტიანობაზე, მათთვის გზა ხსნილია საერთაშორისო ორგანოებში და სახელმწიფო საკუთარ პოზიციას იქ დააფიქსირებს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.