
რასაც ვხედავთ, შიდა ფრაქციული ბრძოლებია. ვხედავთ, რომ კობახიძე ასამართლებს ღარიბაშვილის და მის მთელ პლეადას , - ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, გიორგი უძილაური საქმეს.
როგორც გეგელიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სტუდია" განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თავად უძილაურის პოლიტიკური პოზიციები არასოდეს იზიარებდა, საქმის ირგვლივ წარმოქმნილი გარემო კითხვებს აჩენს.
მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილია ისეთი ვითარება, სადაც რთულია სიმართლის გარკვევა.
„გიორგი უძილაურის პოლიტიკური პოზიციების მიმართ არასდროს მქონია სიმპათია. რეჟიმმა რომ ასეთი ტიპის კონსპიროლოგია შექმნა, არაერთ კითხვას აჩენს. ძალიან ჭირს ტყუილ-მართლის გარჩევა, როდესაც ნახევარ თბილისს ასამართლებ. როცა ასეთ ქვეყანაში ცხოვრობ, ტერორისტი რომ დაგიყენონ წინ, არ იცი მას რეჟიმი რისთვის ასამართლებს. იმდენად ცუდი პოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში, რომ ვერ გაიგებ ვის, რატომ იჭერენ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ კორუფციის ბრალდებით იჭერენ ადამიანებს, რადგან ირაკლი ღარიბაშვილის მხარეს იყვნენ. ჩემთვის მთავარი არ არის უძილაური, მთავარია პრინციპი. მახინჯი პრინციპია და ასეთ სიმახინჯეს როგორ შეიძლება ადამიანს უნდოდეს ცხოვრება.
რაც შეეხება უძილაურის დაპატიმრებას, არ ვიცი რასთან გვაქვს შეხება. არც ის ვიცი სახელმწიფო საით აკვალიფიცირებს ბრალს. რომელი ქვეყნის შესაძლო ჯაშუშობისკენ მიჰყავს საქმე, ამიტომ კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. რასაც ვხედავთ, ეს არის შიდა ფრაქციული ბრძოლები. ვხედავთ, რომ კობახიძე ასამართლებს ღარიბაშვილის და მის მთელ პლეადას", - განაცხადა გეგელიამ.
გეგელიამ ასევე ისაუბრა სომხეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ „ქართული ოცნების" გზავნილები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. მისი თქმით, ხელისუფლება ერთ დროს ამტკიცებდა, თითქოს ქვეყანა „მეორე ფრონტში" ჩართვა ემუქრებოდა, ხოლო მოგვიანებით იმავე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას აგრძელებს.
„ერთ დღეს რეჟიმი გამოდის და ამბობს, რომ მეორე ფრონტს ხსნიდნენ და ომში გვითრევდნენო. მეორე დღეს კი ხელს ართმევს. ერთ დღეს ამბობს, რომ ევროკავშირში თუ შევალთ, კაცები უნდა გათხოვდნენ კაცებზე. მსგავსი ტიპის პარანოიულ ბოდვებს გვთავაზობს ათასწლოვანი ცივილიზაციის ერს.
მაკრონზე ამბობდნენ „კოკაინშიკიო" და ქართველებს გვებრძვის. მაკრონმა ხელი წამოარტყა კობახიძეს და კობახიძე ტანსაცმლიდან ამოხტა. როგორ უნდა გავიგოთ ხალხმა? კვირაში რამდენი პარასკევი აქვთ. მაკრონი „კოკაინშიკია" და მეორე ფრონტი უნდა თუ კარგია ადამიანია, რომელსაც მთელი ათი წამის განმავლობაში მიესალმა კობახიძეს, რომელსაც გადაგვაყოლეს", - განაცხადა გეგელიამ.