
ირანის ხელისუფლება ამერიკულ გემებზე თავდასხმისთვის, რომლებიც ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას ახდენენ, კამიკაძე-დელფინების გამოყენებას აპირებს. ინფორმაციას „ნიუ იორკ პოსტი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თეირანი ფიქრობს გამოიყენოს დელფინები, რომლებზეც ნაღმებია დამაგრებული, რათა აშშ-ის გემებს თავს დაესხას. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სამხედროები გაწვრთნილი დელფინების გამოყენებაზე ფიქრობენ.
„2000 წელს, ირანმა ყოფილი საბჭოთა კავშირისგან სამხედრო დავალებების შესასრულებლად გაწვრთნილი დელფინები შეიძინა, იტყობინებოდა მაშინ BBC. ცხოველებს ასწავლიდნენ ზურგზე მიმაგრებული ჰარპუნით თავს დასხმოდნენ ისლამური რესპუბლიკის მტრებს. აგრეთვე მათ მტრის გემებზე ნაღმებით კამიკაძე-შეტევების განხორციელებასაც ასწავლიდნენ“, - წერს გამოცემა.
როგორც „ნიუ იორკ პოსტი“ იუწყება, დელფინების გარდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს არსენალში კიდევ წყალქვეშა ნავები აქვს, რომლის განადგურებაც აშშ-მა ვერ მოასწრო.
„წყაროების ინფორმაციით, თეირანს აღნიშნულ რაიონში წყალქვეშა ნავების გაგზავნაც შეუძლია, ხოლო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სრუტეში გამავალი საკვანძო საკომუნიკაციო კაბელების გადაჭრით უკვე იმუქრებოდა, რამაც, შესაძლოა, ინტერნეტკავშირი სერიოზულად დააზიანოს და დაძაბულობა გაზარდოს“, - აღნიშნავს გამოცემა.
გამოცემის ინფორმაციით, ირანში სულ უფრო ხშირად გაისმის აზრი, რომ კონფლიქტის განახლება უფრო იაფი იქნება, ვიდრე ხანგრძლივი ბლოკადა.