
როგორც ირკვევა, საქართველოში მორიგი რევოლუციური ტალღა პოლონეთმა უნდა გასწიოს - დანარჩენები ჩაფლავდნენ და ახლა ვნახოთ აბა, პოლონეთი რას იზამს, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის გახსნას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ნონსენსია, რომ პოლონეთი, სადაც უამრავი პრობლემაა, იცლის და ქართულენოვან მაუწყებლობას ხსნის.
„პოლონეთის მთავრობა, რომელსაც ამდენი პრობლემა აქვს: უმუშევრობა, მაღალი ინფლაცია, კომუნალურების ზრდა, მიგრაცია, იცლის და აფინანსებს ტელევიზიას, სადაც ქალბატონმა კობერიძემ აქ, თურმე, საქართველოს უნდა გააცნოს სიახლეები. ეს არის მათი პატრონების მორიგი პროექტი, რომ იქიდან, ტელევიზიიდან შეუტიონ, ჩვენი საზოგადოების რადიკალიზაცია და პოლარიზაცია მოახდინონ.
ცალკე მოგიყვებით ჰერჩინსკის დავალებაზე. იცით, რომ ისიც პოლონელია. როგორც ირკვევა, საქართველოში მორიგი რევოლუციური ტალღა პოლონეთმა უნდა გასწიოს. ალბათ, ამან უნდა შეძლოს. დანარჩენები ჩაფლავდნენ და ახლა ვნახოთ აბა, პოლონეთი რას იზამს. ამას უკავშირდება, აბა, როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანაში ამდენი პრობლემა გქონდეს და იცლი, დააფინანსო ტელევიზია უცხო ქვეყნის მაუწყებლობით. ეს ხომ ნონსენსია. პოლიტიკური ინტერესებია, რომ აქ არიონ სიტუაცია არიონ, შემდეგ მოიყვანონ ხელისუფლებაში „ჩერგოები“ და მისი სადაქალო და გააკეთებინონ ის, რასაც სააკაშვილის დროს აკეთებინებდნენ. ეს არის ამოცანა და მიზანიც," - განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 აპრილს ინფორმაცია გაავრცელა, რომ „პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანმა საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა დაიწყო“. უწყების ცნობით, „პროგრამა სანდო რეპორტაჟებისა და ევროპული პერსპექტივის გადაცემას უზრუნველყოფს“. მათივე განმარტებით, „პროგრამა მხარს უჭერს რეგიონში დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას“.