
აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე ირანთან მიმდინარე ომის მოწინააღმდეგეები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ადმინისტრაციის კრიტიკოსი კანონმდებლები „ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეები“ არიან.
„ყველაზე დიდი გამოწვევა, ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე, რომელსაც ამ ეტაპზე ვაწყდებით, არის კონგრესის „დემოკრატებისა“ და ზოგიერთი „რესპუბლიკელის“ დაუფიქრებელი, უსუსური და დამარცხებულის პოზიციიდან საუბარი“, - განაცხადა პიტ ჰეგსეტმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ კონგრესის წინაშე პირველად გამოვიდა.
ჰეგსეტი არ ეთანხმება „დემოკრატების“ კრიტიკას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკელები „ჩიხში“ შეიყვანა. მისივე თქმით, კრიტიკა ისმის მაშინ, როდესაც კონფლიქტის დაწყებიდან მხოლოდ ორი თვეა გასული.
როგორც ჰეგსეტმა აღნიშნა, ეს პერიოდი გაცილებით ხანმოკლეა, ვიდრე ერაყის, ავღანეთისა და ვიეტნამის ომები.
„ჩვენ ამ წამოწყებით ვამაყობთ“, - განაცხადა აშშ-ის ომის მდივანმა და აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დიდი წარმატებაა მიღწეული.