
ინტერპელაციის წესით საკანონმდებლო ორგანოში მისულმა ჯანდაცვის მინისტრმა, მოხსენება დიუშენის სინდრომზე საუბრით დაიწყო. მიხეილ სარჯველაძემ ის ხუთი მედიკამენტიც დაასახელა, რომლის ჩართვასაც სახელმწიფო პროგრამაში ითხოვენ. მინისტრმა დეპუტატებს საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანოების გადაწყვეტილებებიც გააცნო. ირკვევა, რომ მოთხოვნილი პრეპარატების უმეტესობა ექსპერიმენტულ ფაზაშია, საბოლოო ავტორიზაცია კი, არც აშშ-ის წამლებისა და სურსათის სააგენტოსგან და არც ევროპის მარეგულირებელი ორგანოსგან აქვს, მიზეზად, მათი არაეფექტურობა და ზოგიერთ შემთხვევაში ის ფატალური შედეგები სახელდება, რაც მედიკამენტების მოხმარებას უკავშირდება. უწყების ხელმძღვანელმა საკანონმდებლო ტრიბუნიდან თქვა, რომ ქართული ჯანდაცვის სისტემა უცხოურ პრაქტიკას და ევროპის წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას ეყრდნობა.
ჯანდაცვის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარიას პარტიამ დაიბარა, თუმცა საპარლამენტო ტრიბუნა კითხვების ნაცვლად ჯანდაცვის მინისტრის კრიტიკისთვის გამოიყენეს, შემდეგ კი სენსიტიური თემის პოლიტიზება სცადეს, რასაც დარბაზში შეძახილები და სხდომის თავმჯდომარის გაფრთხილება მოჰყვა.
3 საათის განმავლობაში მინისტრმა 24 შეკითხვას უპასუხა. მათ შორის იყო კითხვები პროგრამებთან დაკავშირებით, რომელიც იშვიათ დაავადებებს ეხება. 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ონკო პაციენტებისთვის 400 მილიონი ლარი გამოიყო. მხოლოდ გასულ წელს ამ დაავადების მქონე 38 000 პაციენტმა საჭირო სერვისებით ისარგებლა. 600 ბენეფიციარს კი სახელმწიფომ უცხოეთში მკურნალობა დაუფინანსა.
სხდომა მალევე კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა რეგლამენტით გათვალისწინებული დრო კვლავ მორიგი პოლიტიკური თავდასხმისთვის გამოიყენეს, რასაც მალევე მოჰყვა პასუხი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოლეგები მწვავედ გააკრიტიკა და საქმის შინაარსობრივი განხილვისკენ მოუწოდა.
ტრიბუნა მალევე დაიკავეს ფრაქციების თავმჯდომარეებმა. აქცენტი იმ პროგრამებზე გააკეთეს, რომლებიც ჯანდაცვის უწყებას აქვს. მათ შორისაა საყოველთაო ჯანდაცვისა და ელიმინაციის პროგრამები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ.
სხდომის დასასრულს ჯანდაცვის მინისტრმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლა. მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ სახელმწიფო გადაწყვეტილებებს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად მიიღებს, განსაკუთრებული აქცენტი კი უსაფრთხოების რისკებზე გაკეთდება. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, რომ საკითხით სპეკულაცია და პოლიტიკური დივიდენდების მიღება, როცა საქმე ბავშვების ჯანმრთელობას ეხება მიუღებელია.
მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა. სხდომის ფარგლებში, მინისტრმა იმ რეფორმაზეც ისაუბრა, რომელიც წამლების რეფერენტულ ფასებს განსაზღვრავს. მექანიზმის დანერგვის შედეგად, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასები 70-80 პროცენტით შემცირდა. შედეგად მოსახლეობამ ორი წლის მანძილზე ამ პრეპარატებში ჯამურად 800 მილიონი ლარით ნაკლები გადაიხადა.