
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ განსახილველად წარადგინა.
„კანონპროექტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ექსპორტის მხარდაჭერა განისაზღვრება. თუმცა, პარლამენტის ფასების კომისიის მუშაობის ფარგლებში გამოკვეთილია მწვავე ტენდენცია - ადგილობრივ მწარმოებლებს სერიოზული ბარიერები აქვთ შიდა სარეალიზაციო ქსელებთან (ე.წ. "რითეილი", დაგვიანებული გადახდები, არაკონკურენტული პირობები). ჩემი კითხვა ასეთია - როგორ აპირებს ახალი სააგენტო ქართული პროდუქციის ექსპორტის ეფექტურ ლობირებას საერთაშორისო ბაზრებზე, როდესაც ადგილობრივი წარმოება შიდა ბაზარზეც კი დაუცველია? ხომ არ მივიღებთ სურათს, სადაც სააგენტო ეძებს გარეთ იმას, რისი საფუძველიც შიგნით ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია?
ექსპორტი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული (სერტიფიცირება, ლოჯისტიკა, მარკეტინგი). თუ მეწარმე ადგილობრივ ქსელებში წამგებიან პირობებშია, მას ექსპორტისთვის საჭირო საინვესტიციო კაპიტალი უბრალოდ არ ექნება. საერთაშორისო ბაზარი ითხოვს სტაბილურ და დიდ მოცულობებს. თუ მწარმოებელი ადგილობრივი ქსელების მხრიდან დისკრიმინაციული პირობების გამო ვერ ზრდის წარმოებას, ის ვერც ექსპორტის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. სააგენტოს ფუნქცია არ უნდა იყოს მხოლოდ გამოფენებზე ტარება, მას უფრო სერიოზული პრეზენტაბელურობა სჭირდება“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.