რეზონანსი
29.04.2026

მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა. მიტროპოლიტის მიმართვას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს:

„დღევანდელი შეკრება ჩვენი ეკლესიის ისტორიაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ჟამია. მსურს, ამ პასუხისმგებლობით აღჭურვილმა, თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ საკითხზე, რომელიც კანონიკურ სამართლიანობასა და მღვდელმთავრის ხარისხის პატივისცემას ეხება.

საეკლესიო დებულება საპატრიარქო კანდიდატისთვის ითხოვს საღვთისმეტყველო განათლებას. თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ საკითხის მხოლოდ ფორმალური კუთხით განხილვა არასრულყოფილ სურათს იძლევა. მსურს, წარმოგიდგინოთ ჩემი ხედვა, რომელიც ეფუძნება ეკლესიის მრავალწლიან პრაქტიკას:

როდესაც 1995 წელს წმინდა სინოდის თანხმობით ხელი დამასხეს ეპისკოპოსად, ეკლესიამ ამით დაადასტურა ჩემი მზაობა მღვდელმთავრობისთვის. ეპისკოპოსი, თავისი არსით, არის ეკლესიის მასწავლებელი. თუ მღვდელმთავარი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას ეპარქიის სამართავად და სინოდის წევრობისთვის, ბუნებრივია, მას უნდა ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს საპატრიარქო არჩევნებშიც.

ჩემი სწავლის პერიოდი ქვეყნისთვის ურთულეს წლებს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო აკადემიაში ლექციებს ვესწრებოდი, რეალურმა ვითარებამ აკადემიური სწავლის ნაცვლად სამონასტრო მსახურებისა და უშუალოდ ეპარქიაში მოღვაწეობისკენ მიბიძგა. მიმაჩნია, რომ ათწლეულების განმავლობაში ეპარქიის მართვა და ეკლესიის ერთგული მსახურება არის ის ცოცხალი გამოცდილება, რომელიც არანაკლებ ფასეულია, ვიდრე აკადემიური დიპლომი.

ყოველ მღვდელმთავარს აქვს კანონიკური უფლება, დააყენოს საკუთარი კანდიდატურა. ამ უფლების შეზღუდვა ფორმალური მიზეზით, გარკვეულწილად, თავად ეპისკოპოსის ხარისხის მნიშვნელობას აკნინებს. თუ ჩვენ მაშინ მიგვიჩნიეს ღირსად ეპისკოპოსობისა, დღესაც უნდა გვქონდეს უფლება, წარვდგეთ არჩევნებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსურს დავაყენო ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებით მე არ ვეძებ პატივს, არამედ მსურს დავიცვა ის პრინციპი, რომ მღვდელმთავრის მსახურების ნაყოფი და ეკლესიისადმი ერთგულება მისი კომპეტენციის მთავარი საზომია.

გთხოვთ, თქვენს მსჯელობაში გაითვალისწინოთ ეს გარემოებები, რათა არჩევნების პროცესი იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და მოიცავდეს ყველა იმ ადამიანს, ვისაც წლებია ეკლესიის ტვირთი მხრებით უტარებია”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×