რეზონანსი
28.04.2026

ბრიუსელსა და თბილისს შორის აზრთა სხვადასხვაობა თუ არსებობს, ეს არ ნიშნავს, ხალხს დაემუქრო, რომ სისხლისღვრა, ეკონომიკური ნგრევა, სიბნელე და განვითარების პერსპექტივის არქონა გარდაუვალია. ეს მუქარაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროკავშირის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

ვოლსკის თქმით, ევროკავშირის ელჩის მუქარაზე ერთადერთი რეაგირება შეიძლება ყოფილიყო ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება.

„რასაკვირველია, ეს პოლიტიკური დემარშია, მაგრამ ამ დემარშს არ შეიძლება, მოჰყვეს უშინაარსო საპასუხო განცხადება, მიზეზი კონკრეტულად უნდა ითქვას. რა მიზეზია საიმისოდ, მთელ ხალხს და საქართველოს რომ ჰპირდება, იქნება ბნელი პერიოდი, რომელიც უკან, 90-იან წლებში გაცილებით მძიმე ფორმებით დაგვაბრუნებს. თუმცა, საკითხავია, 90-იანებში დაბრუნებას გულისხმობდა, თუ 2012 წლამდე პერიოდს, როდესაც ადამიანების წამება და მოკვდინება ჩვეულებრივი ამბავი იყო და არც ჰერჩინსკის, არც მის წინამორბედს ამასთან დაკავშირებით განცხადება არასდროს გაუკეთებია. აქედან უნდა დავასკვნათ, რომ დაპირისპირება არ წარმოადგენს იმ რეალობის პასუხს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი და რომელიც ყველაზე ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიების მიერაა შეფასებული. საქართველო მოწინავეთა შორისაა და არ არსებობს არანაირი წინაპირობა, რომ აქ შავბნელი პერიოდი დადგება, როდესაც ადამიანები ერთმანეთის სისხლს დაღვრიან. რაც უნდა თბილი სიტყვებით იყოს შეზავებული ეს განცხადება, აშკარა მუქარაა და ამ მუქარასთან დაკავშირებით ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. ამის შემდეგაც ვერ მოვისმინეთ რაიმე არგუმენტირებული პასუხი, რომ მაგალითად, უნდა დავფიქრდეთ, გვჭირდება თუ არა შავი ფულის შემოდინების პრევენცია, ჩვენს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდა, ლმობიერები უნდა ვიყოთ თუ არა ადამიანებთან, რომლებიც ცეცხლს ხსნიან შუა ქუჩაში და სახელმწიფოს ყველაზე ბრუტალური ფორმებით ესხმიან, რაც ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ. ეს თუ ევროკავშირის მოთხოვნაა, ამასთან დაკავშირებით კიდევ დამატებითი კომენტარებია საჭირო. გამჭვირვალობაში ცუდი რა არის, რა არის ცუდი იმაში, რომ ჩვენ არ გვინდა, სამედიცინო ჩარევა მოხდეს სქესის შესაცვლელად ან დაშვებული იყოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება. რა არის ცუდი იმაში, რომ სახელმწიფო თავს იცავს მაშინ, როდესაც რევოლუცია დაფინანსებულია და ხშირ შემთხვევაში, სწორედ ჰერჩინსკის წარმომადგენლობის მიერ. ეს არის ის, რის გამოც ჩვენ უნდა დავისაჯოთ და საქართველოში სისხლის გუბეები დადგეს? ჰერჩინსკიმ ამაზე უნდა გაგვცეს პასუხი და ამ მიმართულებით თქვენ შესაბამისი შეკითხვებიც უნდა დაუსვათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

ამის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიზანშეწონილი იყო ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა 24 აპრილს აღნიშნა, რომ დიპლომატიური უწყება რეაგირების გზებს გამოიყენებდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ავლაბრის რეზიდენციაში 27 აპრილს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა ევროკავშირის წარმომადგენლობამაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×