
“ოცნებამ” სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი ხელმძღვანელი ჯერ კომიტეტზე გადამალა და კომიტეტი დახურა, შემდეგ კი კომიტეტზე გამართული კენჭისყრით სესიაზე კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მოგვცა , - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს “ქართულმა ოცნებამ” მხარი კვლავ პარტიის მსახურ სუს-ის ხელმძღვანელს დაუჭირა.
“რამდენიმე წუთის წინ “ოცნებამ” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ჯერ კომიტეტზე გადამალა და კომიტეტი დახურა, შემდეგ კი კომიტეტზე გამართული კენჭისყრით სესიაზე კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მოგვცა. ასე გადამალულად აირჩია დღეს “ოცნებამ” სუს-ის ახალი ხელმძღვანელი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა არ ჰქონია. დღეს საზოგადოებას დაუმალეს სუს-ის უფროსი და იგი გაუმჭვირვალედ აირჩიეს. საზოგადოებას ჰქონდა უფლება მოესმინა ის მწვავე კითხვები, რაც საზოგადოებაშივე არსებობს და მოესმინა ამ კითხვებზე პასუხები როგორც მომავალი სუს-ის უფროსის ხელმძღვანელისგან, მაგრამ ოცნებას არამოქალაქეების მსახური სუს-ის უფროსი სურს, მათ პარტიის მსახური სუს-ის უფროსი უნდათ.
დღეს “ოცნებამ” მხარი კვლავ პარტიის მსახურ სუს-ის ხელმძღვანელს დაუჭირა”, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა სუს-ის უფროსის პოსტზე გელა გელაძე დაამტკიცა, რომელიც აქამდე შს სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
კენჭისყრამდე პარლამენტმა ცნობად მიიღო მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსის პოსტიდან ნებაყოფლობითი გადადგომა და შესაბამისად, მისი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტის დღის წესრიგში სუს-ის უფროსის არჩევის საკითხი მესამედ დადგა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტიდან გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომის შემდეგ, პარლამენტმა 2025 წლის 4 აპრილს სუს-ის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაამტკიცა.
ოხანაშვილმა სუს-ს სულ ოთხი თვის განმავლობაში უხელმძღვანელა. 2025 წლის 3 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე აირჩიეს.