
ოპოზიცია სასაცილო მდგომარეობაშია და ვფიქრობ, რომ საზოგადოების თვალში ყველა რესურსი ამოწურეს, - განაცხადა მედიასთან პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაზე საუბრისას. მისივე თქმით, ოპოზიციის გაერთიანება ან დაშლა, საზოგადოებისთვის საინტერესო აღარაა.
„ოპოზიციას დღეს გულში ორი გრძნობა აქვს: ერთი, ძალაუფლების ხელში ჩაგდების წყურვილი და მეორე - სააკაშვილის დიქტატურული ხასიათის კომპლექსი. ეს არის თავისი იდეით, ამოცანებითა და მიზნებით ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჰყავს ერთი პოლიტიკური ლიდერი - სააკაშვილი. ახლა ესენი იჩხუბებენ თუ შერიგდებიან, ეს საზოგადოებისთვის საინტერესო აღარაა“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
ოპოზიციის ალიანსში დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. მიხეილ სააკაშვილი ისევ ოპოზიციას აკრიტიკებს, ნიკა მელია კი ამბობს, რომ თუ თავდასხმები გაგრძელდება მას მკაცრი საპასუხო რეაქცია ექნება.