
რუსეთმა სომხეთიდან მინერალური წყლის რამდენიმე პარტიის გაყიდვა აკრძალა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ეტიკეტირების სისტემამ „ჯერმუკის“ მინერალური წყლის პარტიის გაყიდვები ოფლაინ და ონლაინ მაღაზიებში შეაჩერა.
მოწინავე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, რევაზ იუსუპოვის თქმით, მიმოქცევაში 338 000 ბოთლი იყო, რომლებიც ამჟამად გამოძიების დასრულებამდე დაბლოკილია.
შეჩერების მიზეზი „როსპოტრებნადზორიდან“ მიღებული წერილი გახდა, რომელშიც სააგენტო აღნიშნავდა „რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შესაძლო ზიანის თავიდან ასაცილებლად სასწრაფო ზომების მიღების აუცილებლობას“. ბლოკირების მიზეზად დასახელდა „სავალდებულო მოთხოვნების დარღვევა“. აკრძალვა ვრცელდება პროდუქტებზე, რომელთა წარმოების თარიღებია 2026 წლის 17 თებერვალი და 2026 წლის 5 მარტი.
როგორც იუსუპოვმა აღნიშნა, „ისინი მომხმარებლებამდე გამოძიების დასრულებამდე ვერ მიაღწევენ“.
ეტიკეტირების სისტემამ უკვე შეაჩერა „ჯერმუკის“ 2.5 მილიონი ბოთლის გაყიდვა 2024 წელს ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლის მოწამვლის შემდეგ. სომხური მედიის თანახმად, ბოთლში მინერალური წყლის ნაცვლად სავარაუდოდ ძმარმჟავა იყო.