რეზონანსი
27.04.2026

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰერჩინსკის დაბარება რელევანტურია, ვინაიდან მას კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი. მისი რიტორიკა უკვე ყოველგვარ სითავხედეს სცდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჰერჩინსკი მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრება.

„აქამდე „ქართულ ოცნებას“ გვაკრიტიკებდა, ყველანაირ საზღვარს ცდებოდა, მიკერძოებული იყო და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ფაქტობრივად, ოპოზიციის აქტივისტად წარმოჩინდა. არჩევნების წინ ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდა, „ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიეცა. ამ შემთხვევაში კი, ჰერჩინსკი მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრება. ძალიან საინტერესოა, რა პასუხს გასცემს საგარეო საქმეთა სამინისტროს, როდესაც ამბობს, თითქოს იმავე დროში დავბრუნდებით, სამოქალაქო ომის პერიოდსა და ბნელ წარსულში. ეს ძალიან თავხედური განცხადებაა. მოლოდინი არც მაქვს, რომ ამ ყველაფერს რაიმე ლოგიკურ ახსნა, ლოგიკური დასაბუთება ექნება, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა პასუხს გასცემს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კითხვაზე, რა მიზანს ემსახურება პაველ ჰერჩინსკის განცხადება?, მაჭავარიანმა უპასუხა:

„რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს არის ევრობიუროკრატების პოზიციის გაზიარება. რა თქმა უნდა, მათი დავალებით მოქმედებს. მიზანი მხოლოდ ერთია – რადიკალურ ოპოზიციას რაღაცნაირად მხარდაჭერა აღუთქვან. ძალიან ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ამით რადიკალურ ოპოზიციას რეიტინგს მოუმატებენ და ჩვენ დაგვაკლებენ. თავისი თვალით იხილეს, ბრიუსელმა რადიკალების მაგივრად წინასაარჩევნო კამპანია როცა ჩაატარა, ჩვენი ხალხი როგორ გაერთიანდა და „ქართულ ოცნებას“ რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა“.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×