რეზონანსი
25.04.2026

ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ 27 წლის თამაზ გოლოევს ჯაშუშობაში ბრალი „გამოგონილი საბაბით“ წაუყენეს. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გოლოევს "სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა" აქვს. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, 21 აპრილს გოლოევმა — რომელიც "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია",  „რაზდახანის“ ე.წ. გამშვები პუნქტი გადაკვეთა.

"22 აპრილს გოლოევი თბილისში, ქართული სპეცსამსახურების პროვოკაციის შედეგად დააპატიმრეს. მომხდარის შესახებ სარწმუნო ინფორმაციის მიღებისთანავე, სამხრეთ ოსეთის მხარემ აამოქმედა ყველა არსებული შესაძლებლობა თ. გოლოევის ბედის გასარკვევად, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფორმატის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. „ცხელი ხაზის“ ფარგლებში მიმდინარე კონსულტაციების პროცესში, 24 აპრილის საღამოს, სამხრეთოსეთურ მხარეს აცნობეს, რომ სამხრეთ ოსეთის ლენინგორის რაიონის მცხოვრებ თამაზ გოლოევს სასამართლო წესით აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოს შემდეგი სხდომა მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება.

ქართული რეპრესიული აპარატის ასეთი სრულიად გაუმართლებელ ქმედებებს, რომლებიც აშკარად პოლიტიკური ხასიათისაა, თამაზ გოლოევის უფლებების უხეშ დარღვევად და ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილის ეპოქის ტერორის პოლიტიკის გაგრძელებად მივიჩნევთ და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას - ნათქვამია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში. [ეხო კავკაზა]

სუს-ის მიერ დაკავებულ გოლოევს ბრალი 23 აპრილს წარედგინა. მას და კიდევ ორ პირს, რომლებიც დაკავებულები არ არიან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) გათვალისწინებულ ქმედებას ედავებიან. დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუს-ის განცხადებით, "დაკავებული პირი გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა  და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეს გარკვეული ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ავალებდა სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას უცხოური სპეცსამსახურისთვის გადაცემის მიზნით.

გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის ​დაკავებულ ​პირს დავალებული ​ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×