
2026 წელს მოსალოდნელია მშენებარე ბინების რეკორდული რაოდენობის დასრულება, რაც სარემონტო მასალების ინდუსტრიას წაახალისებს, - ამის შესახებ აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაში.
კერძოდ, კვლევის თანახმად, 2025 წელს თბილისში დაახლოებით 18 ათასი ბინის მშენებლობა დასრულდა, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს დასრულებული ბინების რაოდენობა დედაქალაქში 35 ათასს გაუტოლდება.
რაც შეეხება ბათუმს, ზღვისპირა ქალაქში გასულ წელს დასრულებულია 13 ათასამდე ბინის მშენებლობა. ამასთანავე, 2026 წელს დასრულებული ბინების რაოდენობა 18 ათასს მიაღწევს.
როგორია სარემონტო მასალების ინდუსტრიის შემოსავლები
რაც შეეხება სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის მდგომარეობას, კვლევის მიხედვით, დარგის შემოსავალმა გასულ წელს 5.9 მილიარდ დოლარს მიაღწია.
აქედან სამშენებლო მასალების სექტორის შემოსავლები 2.1 მილიარდ დოლარს, ხოლო სარემონტო მასალების - 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამასთანავე 700 მილიონი დოლარის შემოსავლების აკუმულირება განხორციელდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებით, ავეჯისა და განათების შემოსავლებმა კი 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
„ფასების სტაბილიზაციისა და სახელმწიფო დანახარჯების შემცირების ფონზე, სექტორის შემოსავლების ზრდა 2025 წელს შენელდა, თუმცა 2026 წელს კვლავ მაღალი ზრდაა მოსალოდნელი“, - ნათქვამია ბაზრის მიმოხილვაში.
უფრო კონკრეტულად, „გალთ ენდ თაგარტის“ 2026 წელს სამშენებლო და სარემონტო სექტორის შემოსავლების 6.3 მილიარდ დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს.